დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

Reuters: რუსი დაქირავებული მებრძოლები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იკრიბებიან

პრორუსი დაქირავებული მებრძოლები უკრაინაში

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინა-რუსეთის დაძაბულობის ფონზე, ბოლო კვირებში, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსი დაქირავებული სამხედროები თავს იყრიან. Reuters-ი ინფორმაციას ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ოთხიდან სამმა ანონიმურმა პირმა, მებრძოლების დამქირავებლისგან დონბასში მოწვევის შეთავაზება მიიღო. მათი თქმით, დამქირავებლებს არ გაუმხელიათ საკუთარი ვინაობა. 

სამიდან ორი შეთავაზებას დათანხმდა, მესამემ კი უარი თქვა.

"სრული ანშლაგია. ყველას იკრებენ, ვისაც სამხედრო გამოცდილება აქვს", – თქვა Reuters-ის წყაროებიდან ერთ-ერთმა დაქირავებულმა მებრძოლმა, რომელიც შემოთავაზებას დათანხმდა. მან ასევე თქვა, რომ აქამდეც უბრძოლია სირიასა და უკრაინაში, რუსული სამხედრო დაქირავებული ჯგუფების ქვეშ. მან არ დაასახელა კონკრეტული კერძო სამხედრო კომპანიები. ის ლუგანსკში, სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთიდან აპირებს გადასვლას. 

Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, დაქირავებული სამხედროების მოხმობის მიზანი უკრაინის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრაა. რამდენიმე ანონიმური წყარო ამბობს, რომ ეს მოხმობა თავდაცვისთვისაა მომართული და მათ არ იციან რუსეთის უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის გეგმების შესახებ.

ინფორმაციას უარყოფს ალექსანდრ ივანოვი, საერთაშორისო უსაფრთხოების ოფიცრების საზოგადოების ხელმძღვანელი. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუს კონტრაქტორ სამხედროებს წარმოადგენს. ივანოვის თქმით, არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც, რომ რუსი დაქირავებული მებრძოლები უკრაინაში გადადიან. 

დაქირავებულ სამხედროებთან კავშირს უარყოფს სეპარატისტული ჯგუფის, დონბასელი მოხალისეების კავშირის მეთაურიც, ალექსანდრ ბოროდაი, რომელიც რუსეთის მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის წევრია. ის ასევე დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. პრემიერია. 

"თუ საჭიროება იქნა, ხალხს მოვიხმობთ, მაგრამ ამჟამად არავინ მოგვიხმია", – ამბობს ბოროდაი. 

რუსულ დაქირავებულ სამხედროებს ბრალს უშუალოდ კრემლთან კავშირში სდებენ, რასაც მოსკოვი უარყოფს. 

რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია ვაგნერის ჯგუფი, რომელთაც ბრალი ედებათ სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევაში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. 

დაჯგუფება ვაგნერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირის და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს.

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების შესახებ გამოცემა New Lines-ში გამოქვეყნებულ სტატიას ქართულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ – რუსეთის ბნელი არმიის დაცემული დაქირავებული მებრძოლები.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებით ემუქრება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები