ვაგნერის ჯგუფი

რუსეთის ბნელი არმიის დაცემული დაქირავებული მებრძოლები

ვაგნერის ჯგუფი

რუსეთის ბნელი არმიის დაცემული დაქირავებული მებრძოლები

უკრაინის სადაზვერვო სამსახურების ყოფილი ოფიცრები 7 წლის განმავლობაში აგროვებდნენ რუსეთის საყოველთაოდ ცნობილი დაქირავებული მებრძოლების მონაცემების. ჩვენ ბრძოლაში მოკლულთა მშობლები, დედმამიშვილები და ქვრივები ვიპოვეთ.

ავტორები: მაიკლ ვაისი, ჰოლგერ რუნემა, მატიას კარლსონი, ლილიანა ბოტნარიუკი, პიერ ვოქსი. სტატია გამოცემა New Lines-ში გამოქვეყნდა.

"იმის სათქმელად რომ მოსულიყავით, რომ ჩემი შვილი ცოცხალია, მსოფლიოში უბედნიერეს დედად მაქცევდით." – სოფელ შირიაევოში სვეტლანა ანტიპოვამ ჭიშკარი გაგვიღო და ეზოში შეგვიპატიჟა.

უკრაინაში, ოდესიდან ერთი საათის გზაზე შაბათი საღამოს უკუნი სიბნელე დგას. სიჩუმეს მხოლოდ ძაღლების ყეფა არღვევს მეზობლის ეზოდან – უცხოების მოსვლა იგრძნეს.

სვეტლანას შვილი, ევგენი ანტიპოვი რუსეთის ცნობილი, კერძო სამხედრო დაჯგუფების, ვაგნერის წევრი, დაქირავებული მებრძოლი იყო. ევგენი ოთხი წლის წინ, ცენტრალურ სირიაში, ჰომსის სიახლოვეს მოკლეს. წასვლამდე ერთი თვით ადრე ევგენიმ დედას უთხრა, რომ სამი თვით მივლინებაში მიდიოდა. "ტელეფონი თან არ მექნება, როცა ჩამოვალ, დაგირეკავ." – უთხრა დედას.

შვილს დედისთვის აღარასდროს დაურეკავს. შვილის ნაცვლად, რუსულენოვანი სოციალურ მედიით, Vkontakte-თი სვეტლანას ევგენის მეგობრები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შვილი მკვდარია.

ევგენი ანტიპოვის დედას უთხრეს, სირიაში შვილის სიკვდილთან დაკავშირებით შეკითხვები არ დაესვა, მან არ იცის, რა მოხდა სინამდვილეში. ფოტო: Anders Hansson/Dagens Nyheter

ევგენი ერთ-ერთია ვაგნერის წევრი 4 184 დაქირავებული მებრძოლიდან, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა და ამ სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი გენერლების მიერ ჩამოყალიბებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა გამოავლინა. ანალიტიკისა და უშიშროების უკრაინულმა ცენტრმა, UCAS-ის აბრევიატურით ცნობილმა ანალიტიკურმა ცენტრმა თავისი მონაცემები New Lines-ს, ესტონურ Delfi.ee-ს და შვედურ გაზეთ Dagens Nyheter-ს გაუზიარა.

ინფორმაციის საუნჯე, სავარაუდოდ, კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქისა და კვების სფეროს მაგნატის, ევგენი პრიგოჟინის ჩამოყალიბებული და დაფინანსებული რუსეთის ბნელი არმიის შესახებ ყველაზე ყოვლისმომცველ ანატომიას გვთავაზობს. პრიგოჟინს, რომელსაც პრესაში მოკრძალებულად ეძახიან "პუტინის მზარეულს", აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის სანქციები აქვს დაწესებული მისი როლისთვის რუსეთის ურაინაში შეჭრასა და ოკუპაციაში, აშშ-ს არჩევნებში მრავლობითი ჩარევისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მავნე პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენით ვაჭრობისთვის.

ვაგნერის წევრი დაქირავებული მებრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის დიქტატურას უჭერდნენ მხარს, ხოლო ლიბიაში – მეომარ გენერალ ხალიფა ჰაფტარს, ებრძოდნენ ანტისამთავრობო მეამბოხეებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ისინი მიავლინეს სუდანშიც, სადაც თავდაპირველად ზურგს უმაგრებდნენ დამხობილ დიქტატორს, ომარ ალ-ბაშირს, მიავლინეს მოზამბიკშიც, სადაც ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ წამოიწყეს წარუმატებელი შეტევა, რომელიც მალევე მიატოვეს.

13 დეკემბერს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ორგანიზაციას და მასთან დაკავშირებულ სამ კომპანიასა და რვა პირს.

 "ვაგნერის ჯგუფი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე უკრაინაში, სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მოზამბიკში. ეს დარღვევები მოიცავს წამებას, სასამართლოს გარეშე, გამარტივებული სამართალწარმოების შედეგად ან თვითნებურად მიღებული გადაწყვეტილებით სიკვდილით დასჯასა და მკვლელობებს". – ნათქვამია სანქციების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში.

ვაგნერი მჭიდროდაა დაკავშირებული და ექვემდებარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა, სააგენტომ, რომელიც სანქციებს იღებს, ვაგნერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "მარიონეტული ძალის" სტატუსი მიანიჭა. ანგარიშები ასევე აჩვენებს, რომ ვაგნერი ახლოსაა დაკავშირებული რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოსთან, ГРУ-სთან. დაჯგუფების ერთ-ერთი საწვრთნელი ბაზა რუსეთში, კრასნოდარის რეგიონში ГРУ-ს "სპეცრაზმის" მკაცრად დაცული სამხედრო ბაზის გვერდით მდებარეობს.

საგამოძიებო ჟურნალისტური გამოცემის, Bellingcat-ის გამოძიებებით, რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურისა და დაქირავებული მებრძოლების დამატებითი კავშირებიც გამოიკვეთა. მაგალითად, მოსკოვსა და კრასნოდარს შორის ფრენების შესახებ გავრცელებული მონაცემები აჩვენებს, რომ ვაგნერის დაჯგუფების მეთაური დმიტრი უტკინი და ГРУ-ს ისეთი მაღალჩინოსნები, როგორიცაა პოლკოვნიკი ოლეგ ივანიკოვი, ერთად შეძენილი ბილეთებით მგზავრობდნენ. 2015 წლის თებერვალში უტკინსა და ივანკოვის უკრაინის უშიშროების ძალების მიერ მოსმენილი სატელეფონო საუბრის მიხედვით, მათ ურთიერთობაში ГРУ-ს წამყვანი როლი იკვეთება.

ევროკავშირმა ასევე დაადასტურა, რომ უტკინი "რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ-ს) ყოფილი ოფიცერია," რომელიც "პირადადაა პასუხისმგებელი" მისი ქვეშევდომების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მათ შორის სირიაში, ჰომსის პროვინციაში 2017 წლის ივნისში ვაგნერის დაჯგუფების ოთხი წევრის მიერ სირიელი დეზერტირის წამებით მოკვლაზე. ვაგნერის ყოფილი წევრის თანახმად, უტკინმა პირადად გასცა დეზერტირის სიკვდილამდე წამებისა და ვიდეოს გადაღების ბრძანება".

ვაგნერის წინააღმდეგ უკრაინის მიერ გაუქმებული ოპერაციის გამოძიებისას Bellingcat-მა იპოვა სამხილები, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალური შტაბის თავმჯდომარის სამხედრო მრჩევლად დანიშვნამდე ვაგნერის ერთ-ერთმა უფროსმა მეთაურმა წვრთნა მოსკოვში  ГРУ-ს სამხედრო-დიპლომატიურ აკადემიაში გაიარა.

სულ ცოტა ხნის წინ მალის მთავრობამ ვაგნერის მებრძოლების დაქირავება სცადა ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან და ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ საბრძოლველად, რამაც საფრანგეთის მეთაურობით სამშვიდობო კოალიციის შეშფოთება გამოიწვია. New Lines-ისა და მისი პარტნიორების მიერ შესწავლილი მონაცემები ვაგნერზე მოიცავს დაქირავებული მებრძოლების კოდურ სახელებს, პიროვნების დამადასტურებელ სპეციალურ ნომრებს, ინფორმაციას, თუ რომელ ჯგუფს წარმოადგენდნენ და რა წოდებები ჰქონდათ ამ ჯგუფებში. UCAS-მა ასევე თითოეული დაქირავებული მებრძოლის სოციალური მედიიდან მოიპოვა ფოტოები, რომლებზეც ჩვეულებრივ ასახულია იარაღი, ვაგნერთან დაკავშირებული სიმბოლიკა, ან მედლები სამხედრო სამსახურისთვის. ხშირ შემთხვევაში, თითოეული მებრძოლის შესახებ ინფორმაცია მოიცავს მის ეროვნებასა და სახლის მისამართსაც კი.

მონაცემთა ბაზაში არსებული 4 184 მებრძოლი წარმოშობით 15 სხვადასხვა ქვეყნიდანაა, ზოგს რამდენიმე მოქალაქეობა აქვს. გასაკვირი არ არის, რომ უმეტესობა, 2 708 მებრძოლი რუსეთიდანაა, 222 – უკრაინიდან, 17 – ბელარუსიდან, 11 – ყაზახეთიდან, 9 – მოლდოვადან, 8 – სერბეთიდან, 4 – სომხეთიდან, 4 – უზბეკეთიდან, 3 – ბოსნია და ჰერცოგოვინადან, 2 – ყირგიზეთიდან, 2 – თურქმენეტიდან, 2 –  სირიიდან, 2 – ტაჯიკეთიდან და 1 საქართველოდან. ერთ მებრძოლს სამმაგი მოქალაქეობა ჰქონდა, ლიბანის, უკრაინისა და რუსეთის, თუმცა, New Lines-მა ვერ დაადგინა, წარმოშობით რომელი ქვეყნიდან იყო ის. დარჩენილი 1 188 მებრძოლის ეროვნება უცნობია.

მებრძოლების დაბადების თარიღებზე დაყრდნობით New Lines-მა შეძლო დაედგინა, რომ ვაგნერის მებრძოლის საშუალო ასაკი 40 წელია. ყველაზე უფროსი 1950 წელსაა დაბადებული და დღეს 71 წლის იქნებოდა (ის 2017 წელს გარდაიცვალა), ყველაზე ახალგაზრდა კი 1997 წელსაა დაბადებული, ის 24 წლისაა. მებროლების 33% 1970-იან წლებშია დაბადებული, 44% – 1980-იანებში და 11% 1990-იანებში.

372 დადასტურებულად გარდაცვლილიდან, 75 მებრძოლი 2014–2016 წლებში გარდაიცვალა, 186 – 2017-ში, ხოლო 86 – 2018-ში. ბოლო ორ წელში 23 მებრძოლი გარდაიცვალა ან ბრძოლის ველზე ან გაურკვეველ გარემოებებში. ყველაზე მეტი, 315 მებრძოლი სირიაში დაიღუპა, 35 – აღმოსავლეთ უკრაინაში, 1 კიევთან ახლოს, 8 ლიბიაში და ერთიც სანკტ-პეტერბურგში. სირიაში დაღუპული 315 მებრძოლიდან 81 აშშ-ს მხარდაჭერილი ძალების თავდასხმებს ემსხვერპლა.

"ვაგნერი ფენოვანი ნამცხვარივითაა" – ამბობს ვასილ ხრისტაკი, უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი მეთაური – "მისი წევრები არიან როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი სამხედროები, მაგრამ ასევე არიან სამოქალაქო პირებიც, რომლებსაც ფულის შოვნა სურთ და დამნაშავეებიც, რომლებსაც ციხესა და დაქირავებულ მებრძოლად გახდომას შორის არჩევანს აძლევენ".

უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილ ოფიცერს ვასილ ხირსტაკს ქუჩებში დიდი ხნით გაჩერება არ უყვარს, რადგან, როგორც ამბობს, რომ მისი სიცოცხლის სანაცვლოდ ჯილდოა დაწესებული. ფოტო:/ Anders Hansson/Dagens Nyheter

ხირსტაკი და კონტრდაზვერვის სააგენტოს შტაბის თავმჯდომარე, გენერალი იგორ გუსკოვი იმათ შორის იყვნენ, ვინც თანამდებობების დატოვების შემდეგ UCAS-ი ჩამოაყალიბა. მათ უბრალოდ კერძო სექტორში გააგრძელეს ის სამუშაო, რომელსაც წლების განმავლობაში ასრულებდნენ: ვაგნერის წევრების ამოცნობა და შემდეგ ღია წყაროების გამოყენებით მათზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოძიება. შემთხვევების თითქმის ნახევარში ისინი დიდი რაოდენობით მონაცემებს აწყდებოდნენ, ძირითადიმის დამსახურებით, რომ პრიგოჟინის ჯარისკაცებს ონლაინ სივრცეში საკუთარი საქმიანობის გასაჯაროება აშკარად უყვართ.

სწორედ გუსკოვი იყო ის, ვინც უკრაინის უშიშროების ძალებში მუშაობისას პირველმა გამოარკვია ვაგნერის დაჯგუფების არსებობა. მანვე გამოააშკარავა ვაგნერის მეთაურიც, უკრაინაში დაბადებული უტკინი, რომლის ნაცისტური იკონოგრაფიის სიყვარულიც იქცა დაქირავებული მებრძოლების კორპუსის სახელწოდების შთაგონების წყაროდ – რიჩარდ ვაგნერი ადოლფ ჰიტლერის საყვარელი კომპოზიტორი იყო.

"რუსული სტანდარტებით ვაგნერის მებრძოლებს კარგი შემოსავალი აქვთ, მაგრამ მათ შორის ძალიან ცოტაა მოსკოვიდან ან სანკტ-პეტერბურგიდან" – ამბობს გუსკოვი – "ბევრი ისეთი ქალაქებიდანაა, როგორიცაა ორენბურგი, ასტრახანი და ჩელიაბინსკი. ეს რეგიონები სტაგნაციაშია, ცხოვრების სტანდარტი დაბალია, პერსპექტივა არ არის, ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება გავრცელებულია. ხალხი თავის დაღწევის საშუალებებს ეძებს და მზად არიან, ამაში საკუთარი სიცოცხლე გადაიხადონ".

ვაგნერის წევრები მხოლოდ უპერსპექტივო რუსები არ ხდებიან. მონაცემებში 220-ზე მეტი უკრაინელი, ბევრი ბელარუსი, სერბი, მოლდოველი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები იკვეთებიან.

იგორ გუსკოვი კიევის ცენტრში, UCAS-ის ოფისთან. ფოტო: Anders Hansson/Dagens Nyheter
უკრაინის უშიშროების ყოფილი გენერლის იგორ გუსკოვის დღის დიდი ნაწილი ვაგნერის მებრძოლების კვალის ძიებას ეთმობა. ფოტო: Anders Hansson/Dagens Nyhete

New Lines უკრაინაში გაემგზავრა, რათა გამოეკვლია როგორია დაქირავებულ მებრძოლად გახდომის გზა. ჩვენ მივედით დედებთან და მამებთან, ძმებთან და დებთან და ცოლებთან იმ კაცებისა, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის ბინძურ ომებში ვაგნერისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.

ხშირად ოჯახებმა არაფერი იციან, როგორ ან სად დაიღუპნენ მათი შვილები ან ქმრები. ხანდახან საკუთარ თავსაც ადანაშაულებენ. ევგენი ოდესის ღარიბ რაიონში, საბურავების მაღაზიასა და ბენიზინგასამართ სადგურს შორის მიმალულ პატარა სახლში გაიზარდა. მამამისი იური დაეხმარა, რომ ხელოვნების რამდენიმე სკოლაში ჩარიცხულიყო. მოგვიანებით სამხედრო სამსახური პოლიციის ოფიცრად მუშაობით მოიხადა. მშობლების განქორწინების შემდეგ დედამისი, სვეტლანა სიღარიბეში აღმოჩნდა. გარკვეული დროით უსახლკაროდ ცხოვრებაც მოუწია. ევგენი ცდილობდა, სვეტლანას ფინანსურად დახმარებოდა. მამამისს მკურნალობისთვის გადადებული თანხის ნაწილიც კი მოპარა. ამის გამო იურიმ ევგენი სახლიდან გააგდო. ჩხუბი და კამათი აქამდეც მოსვლიათ, მაგრამ ქურდობამ ზღვარი გადაკვეთა.

მაშინ, 8 წლის წინ, მამა-შვილმა ბოლოჯერ ილაპარაკეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2014 წლის მაისში ევგენი ოდესის პროფკავშირის სახლთან განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებში გაეხვა. პრორუს და პროუკრაინელ დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებების შემდეგ, რა დროსაც მომიტინგეები ორივე მხარეს დაიღუპნენ, პრორუსი დემონსტრანტები პროფკავშირის შენობაში გამაგრდნენ. შემდეგ განვითარებული მოვლენები დღემდე დიდი დავის საგანია (ორივე მხარემ შენობას მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა). შენობაში ხანძარი გაჩნდა და 42 ადამიანი დაიღუპა გაგუდვისა და ფანჯრებიდან გადახტომის დროს მიღებული დაზიანებებს გამო. 174 ადამიანი დაშავდა.

ევგენი პრორუსი დემონსტრანტების მხარეს იყო. ის დაპირისპირებაში მონაწილეობისთვის დააკავეს. სასამართლო პროცესამდე მისი გათავისუფლების შემდეგ ევგენი აღმოსავლეთ უკრაინაში, საომარ ზონაში გაიქცა. ამ მომენტიდან მას უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონდა.

მოგვიანებით, როცა იური შვილის ოთახს ალაგებდა, მან დამალული შავი სათხილამურო ნიღბები იპოვა. იური ეჭვობს, რომ ФСБ-მ, რუსეთის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა პროფკავშირის სახლში განვითარებულ მოვლენებდამდე აიყვანა ევგენი, თუმცა იური აღიარებს, რომ ამ თეორიის დამადასტურებელი სამხილი არ აქვს.

შვილზე საუბრისას იური პატარა სამზარეულოს მაგიდასთან ზის და ცრემლებს ვერ იკავებს. ფანჯრიდან ხედს სამი ქოთნის მცენარე ეფარება. "არ ვამართლებ, რაც გააკეთა" – ამბობს იური – "მაგრამ ჩემი შვილი იყო და მიყვარს".

იურისთვის არავის უთქვამს, რა მოხდა სირიაში, როცა ევგენი მოკლეს. მამას მხოლოდ ამის ცოდნა სურს. ერთადერთი, რაც ნახა, რუსეთის ქალაქ როსტოვში მისი შვილის საფლავის ქვის ფოტოა. საფლავის ქვაზე ევგენი და ვაგნერის ჯვარია გამოსახული – ჯილდო, რომელსაც სიკვდილს შემდეგ ანიჭებენ დაქირავებულ მებრძოლებს.

იურისთვის ერთადერთი შვილის სიკვდილის გამო კონპენსაცია არავის შეუთავაზებია, არც პრიგოჟინის რომელიმე კომპანიას და მით უმეტეს არც რუსეთის მთავრობას. ის ამ ფულს სისხლიან ფულს უწოდებს და ამბობს, რომ მაინც არ მიიღებდა.

"მე უკრაინის, ჩემი სამშობლოს, საკუთარი თავის მხარეს ვდგავარ და ყოველთვის ვიდექი. ერთადერთი, რაც მინდა, ინფორმაციაა ჩემს შვილზე, როგორ მოხვდა იქ" – ამბობს იური – "სისხლზე ვერავინ ვერაფერს ააშენებს. სისხლი არაფრის საძირკველი არ ყოფილა. პირიქით, სისხლი ჭაობად იქცევა, რომელშიც დაიხჩობი. რატომ იბრძვი სხვებისთვის? რატომ კლავ სხვებისთვის?"

სვეტლანამ შვილის სიკვდილის შესახებ ევგენის დაღუპვიდან ერთ თვეში გაიგო, მაშინ პოლონეთში მუშაობდა. სვეტლანა ამბობს, რომ არ ახსოვს, როგორ დაბრუნდა ოდესაში, როგორ ჩავიდა როსტოვში შვილის საფლავის სანახავად. როსტოვში 24 საათი მისცეს შვილის ხსნოვნისთვის პატივის მისაგებად.

"თუ გინდა, რომ კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ, კითხვები არ დასვა." – იხსენებს სვეტლანა მისთვის ნათქვამ სიტყვებს. უთხრეს, რომ თუ კითხვების დასმას გააგრძელებდა, ვეღარასდროს გადაკვეთდა რუსეთის საზღვარს და ვეღარ ნახავდა შვილის საფლავს.

ვაგნერის თანამებრძოლები ევგენის ლანჟერონის, ოდესის ცნობილი სანაპიროს სახელით იცნობდნენ. ის სირიაში 2017 წლის 9 ივნისს დაიღუპა. ამ დღეს სირიაში ვაგნერის სულ მცირე ოთხი მებრძოლი დაიღუპა.

ინდუსტრიულ ქალაქ ხარკოვში, როსტოვიდან 640 კილომეტრის დაშორებით, ანტიპოვების ბედს კიდევ ერთი ოჯახი იზიარებს. როცა მაღალსართულიანი შენობის ბოლო სართულის ბინის კარზე დავრეკეთ, მარკ ბიჩის 16–17 წლის დამ გვიპასუხა. მარკი და ევგენი ერთ დღეს დაიღუპნენ. როსტოვში მათი საფლავის ქვები რამდენიმე მეტრის დაშორებითაა. 21 წლის მარკი ჩვენს მონაცემთა ბაზაში ვაგნერის ყველაზე ახალგაზრდა დაღუპული მებრძოლია.

დედამისი ნატალია ექთანია. საღამოს სახლში დაბრუნებულმა პირად შეხვედრაზე უარი გვითხრა, მაგრამ Viber-ით საუბარზე დაგვთანხმდა. ნატალია ამბობს, რომ როცა მისი შვილი მოკვდა, ეს მის პატარა დას, ბებია-ბაბუას და მეგობრებსაც დაუმალეს.

"ბევრისთვის ის შეიძლება ტერორისტია, მაგრამ ჩემთვის ის მაინც ჩემი პატარა ბიჭია. პატარა ბიჭი, რომელიც ყოველთვის ძალიან კეთილი იყო". – ამბობს ნატალია.

ბიჩის VKontakte-ს გვერდის მიხედვით, ის რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში ცოლთან და ახალშობილ შვილთან ერთად გადავიდა. ოჯახისთვის ფულის გამომუშავება სურდა. როცა ნატალიას დაურეკა და უთხრა, რომ სირიაში "სამშვიდო ძალებში" სამუშაოდ მიდიოდა, ნატალია მაშინვე მიხვდა, რას გულისხმობდა სინამდვილეში.

"სრულიად გიჟი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, რა ძალები არიან სირიაში. შეიძლება, სხვა პროფესიული სფეროდან ვარ, მაგრამ ახალ ამბებსაც ვუყურებ". – ამბობს ნატალია.

მარკს სამხედრო გამოცდილება არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში დედამისმა ამის შესახებ არაფერი იცის. ნატალიამ სცადა, შვილი გადაერწმუნებინა, მაგრამ მან დაიჟინა.

"ვუთხარი, რომ ამის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ უბრალოდ მითხრა, დედა, მიყვარხარო. სულ ეს იყო". – ამბობს ნატალია.

დაახლოებით ერთ თვეში მარკი მოკლეს.

"უბრალოდ საზარბაზნე ხორცი იყო". – ამობს ნატალია.

ოჯახმა არ იცის, რა მოუვიდა მარკს. ნატალია ამბობს, რომ მისი საფლავი მოინახულა, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ მისი შვილი იქ არის დამარხული.

"ვეჭვობ, რომ ასე არ არის". – ამბობს ის.

უკრაინაში მარკ ბიჩი ოფიციალურად ცოცხალია. როგორც მოკლული დაქირავებული მებრძოლების ყველა ნათესავი, რომელსაც ვესაუბრეთ, ამბობს, გარდაცვალების ცნობა არავის მიუღია. გარდაცვალების ცნობის მისაღებად სასამართლოში მისვლაა საჭირო, მაგრამ ნატალია ამბობს, რომ ამის ძალა არ აქვს.

კითხვაზე, რას ეტყოდა კაცებს, რომლებიც ვაგნერის წევრობაზე ფიქრობენ, ნატალია პასუხობს, რომ სიკვდილი იმაზე ახლოსაა, ვიდრე მათ ჰგონიათ.

"არ მინდა, რომ სხვისი ინტერესებისთვის მოკვდნენ. საკუთარი შეხედულებისთვის სიკვდილი გმირობა იქნებოდა, მაგრამ სხვისთვის…"

სამუშაო ვაკანსიების რუსულ საიტებზე, მაგალითად avito.ru-ზე, მებრძოლების დაქირავებისთვის რეკლამებია განთავსებული. ეს ზოგადი აღწერის განცხადებები კანდიდატებს "საზღვარგარეთ ობიექტების ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის" ეძებს.

სამსახური დაქირავებულებს სამჯერად კვებას, დასასვენებელ ოთახს და უფასო ფორმას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნებით იარაღის ტარების უფლების ლიცენზია სავალდებულო არ არის, რეკლამების აღწერა მიანიშნებს, რომ მისიებზე შეიარაღება იქნება საჭირო. გამოცდილება საომარ ზონებში უპირატესობაა.

ხელფასი 150 000 რუბლიდან იწყება, ეს დაახლოებით 2 000 დოლარია თვეში. რუსული და უკრაინული სტანდარტებით ეს მაღალი ხელფასია. New Lines-ის მიერ ნანახი საბუთები მიანიშნებს, რომ დიდი სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანებს ამ თანხაზე ორჯერ მეტის და პატარა ქონების გამომუშავება მარტივად შეუძლიათ, მაგრამ საბუთები იმაზეც მიანიშნებს, რომ კანდიდატები მოტყუებას უფრთხიან. გარკვეულ შემთხვევებში მათ, შესაძლოა, შეპირებული თანხა პირველ რამდენიმე თვეში მიიღონ, მაგრამ შემდეგ მათ ხან ხელფასს აღარ უხდიან, ხან ხელფასი შეპირებულზე ნაკლებია. სიკვდილის გარდა, ასეთი უარყოფითი მხარეები აქვს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანიის წევრობას.

"ფული მათთვის ილუზიაა" – ამბობს New Lines-თან საუბარში მოლდოველი უშიშროების სამსხურის წარმომადგენელი – "ფიქრობენ, გაწევრიანდებიან, იბრძოლებენ, ოჯახებისთვის ფულს გამოიმუშავებენ, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. როცა რეალობას ხედავენ და აცნობიერებენ, რომ შეპირებულ თანხას ვერ იღებენ, სახლში დაბრუნება სურთ".

მოლდოვის უშიშროების სამსახურის პოლკოვნკი-ლეიტენანტი საუბარზე ანონიმურობის პირობით დაგვთანხმდა. ანტიექსტრემისტულ და ანტიტერორისტულ ქვედანაყოფში მისი ოფიციალური სამუშაოს ნაწილი მოლდოვური წარმოშობის დაქირავებული მებრძოლების გამოაშკარავებაა.

მოლდოვის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს საქმე არ ელევათ. უშიშროების სამსახურმა ჯერჯერობით 114 დაქირავებული მებრძოლი გამოაააშკარავა, მათგან 17 გასამხედროებულ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს. მათი ნაწილი ვაგნერის წევრია, სხვები სხვა კერძო სამხედრო ორგანიზაციებისთვის იბრძოდნენ დონბასში.

"ამ ადამიანებს არასტაბილური სოციალური წარსული აქვთ" – ამბობს უშიშროების სამსახურის წევრი - "მათ არ აქვთ სტაბილური სამსახური, სტაბილური შემოსავალი. ამ ადამიანებისთვის მატერიალური საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანია".

მოლდოვის პენიტენციური სისტემის ეროვნული ადმინისტრაციის ფსიქოლოგმა ანა ტურუტამ გასამართლებული დაქირავებული მებრძოლების პროფილები გააანალიზა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მან მებრძოლების დემოგრაფიული და ქცევითი მახასიათებლების განსაზღვრა შეძლო.

რუკა, რომელიც მებრძოლების წარმომავლობის ქვეყნებს აჩვენებს

ყველა მათგანი კაცია, უმეტესობას მიღებული აქვს დაწყებითი განათლება აქვს, ასაკი 18-დან 50 წლამდე მერყეობს, თუმცა, ძირითადად, მებრძოლები 25-30 წლამდე არიან. მათ არასტაბილური ცხოვრების გამოცდილება აქვთ და ხშირ შემთხვევაში არ ჰყავდათ სანდო და მუდმივი მისაბაძი მაგალითები. ადამიანებთან ყოფნას მათგან იზოლაცია ურჩევნიათ, არ ენდობიან სხვებს, უჭირთ მეგობრებრული ურთიერთობების შენარჩუნება და ოჯახის შექმნა.

"კიდევ ერთი გამაერთიანებელი ფაქტორია ემპათიის ნაკლებობაა" – ამბობს ტურუტა - "მათ არ შეუძლიათ ემოციების გაკონტროლება, კომუნიკაციაში ცივები არიან. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომ შეუძლიათ ამ ადამიანებს სხვების მოკვლა".

ასეთი დახასიათება შესაძლოა მართალი იყოს მოლდოვის და დამოუკიდებელი მკვლევრების მიერ ამ დრომდე ამოცნობილი ვაგნერის ყველაზე სასტიკი მებრძოლების შემთხვევაში.

ვლადისლავ აპოსტოლმა ბავშვობის პირველი ნახევარი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვიდან ორი საათის გზაზე, სოფელ ჩიუტულეშტში გაატარა.

2017 წელს ვლადისლავი გამოჩნდა ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში, რომელშიც ოთხმა კაცმა ჰამადი ბოტას სახელით ცნობილ მუჰამედ ტაჰა ისმაილ ალ აბდულას, სირიის არმის დეზერტირს, უროთი სცემა, ხელები და თავი ნიჩაბით მოაჭრა და გვამს ცეცხლი წაუკიდა (მეხუთე კაცი, რომლის სახეც დაფარული იყო, ოპერატორის როლს ასრულებდა).

ანალიტიკოსებმა მალევე მოახერხეს ვიდეოს გადაღების ადგილის გეოლოკაცია სირიაში, ჰომსის ახლოს არსებული ბუნებრივი აირის სადგურთან, სადაც ვაგნერის მებრძოლები იყვნენ განლაგებულები. სწორედ ეს საშინელი ინციდენტია აღწერილია ევროკავშირის სანქციების დოკუმენტში, აქვეა განცხადება, რომ წამებისა და წამების ვიდეოგადაღების ბრძანება უტკინმა გასცა.

ურო ხელში ვლადისლავს ეჭირა.

ვიდეოში მონაწილე ოთხეულიდან ყველამ გადაიღო სელფები დანახშირებულ და დანაწევრებულ გვამთან, ამ დროს ზოგს ჯერ კიდევ ეცვა ვაგნერის ემბლემიანი ფორმა.

ვლადისლავი 2018 წლის მარტში მოკვდა, ერთი თვით ადრე ის ხაშამის ბრძოლაში აშშ-ს საჰაერო იერიშის დროს დაიჭრა.

დაირ-ელ-ზავრის ახლოს შეტაკება მაშინ მოხდა, როცა ვაგნერის მებრძოლები ასადის მხარდამჭერ ძალებთან ერთად ქურთების მეთაურობის ქვეშ მყოფი სირიის დემოკრატიული ძალების პოზიციებს დაესხნენ თავს, დაიწყეს შეტევა სატანკო და საარტილერიო ცეცხლით.

ადგილზე აშშ-ს სამხედრო ძალების განლაგების გამო აშშ-ს საჰაერო ძალები და საზღვაო ქვეითების კორპუსი შეტაკებაში აქტიურად ჩაერია, გამოიყენა სარაკეტო არტილერია, მოიერიშე ვერტმფრენები, მოიერიშე თვითმფრინავები და B-52 სტრატეგიული ბომბდამშენებიც კი.

გაურკვეველია, რამდენი დაიღუპა რუსულ მხარეს. ამის მთავარი მიზეზი დამოუკიდებელი აქტორებისთვის ადგილზე წვდომის არარსებობაა, გარდა ამისა, რუსეთის მთავრობა დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებს. New Lines-ის შესწავლილ მონაცემებში გვხვდება ამ დღეს სირიაში დაღუპული ვაგნერის 77 მებრძოლის სახელი (კიდევ ოთხი ამ ბრძოლაში მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა), მათი უმეტესობა რუსი ან უკრაინელია, სულ მცირე ერთი ყაზახი, ერთი სომეხი და ერთიც მოლდოველი. რეგიონში არსებული წყაროების მიხედვით, ყველა დაღუპულის სხეული ამოცნობილი და რუსეთში გადასვენებული არაა.

სახლი ჩიუტელეშტში, რომელშიც ვლადისლავი ძმასთან, დედასთან და ბებიასთან ერთად გაიზარდა და რომელიც საბოლოოდ მეზობელზე გაიყიდა, წლების განმავლობაშიხელუხლებელი რჩება. New Lines-მა სახლი ნოემბერში მოინახულა. სახლის ფანჯრები ხის ფიცრებითააა აჭედებული, ეზოში სარეველები იზრდება.

სოფელში ჯერ კიდევ ახსოვთ აპოსტოლები. სოფლის მცხოვრები ამბობს, რომ ძმები მამის გარეშე გაიზარდნენ, მამის სახელი ვლადისლავის დაბადების მოწმობაშიც კი არ არის მითითებული. ჩიუტელეშტის ერთადერთი სკოლის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვასილი სკოლაში თითქმის არ დადიოდა.

"რთული ოჯახი იყო" – ამბობს ვალენტინა ბუგანი – "ბავშვები მშობლების ზედამხედველობის ქვეშ არ იყვნენ და სწავლის ინტერესიც არ ჰქონდათ. უბრალოდ არ დადიოდნენ სკოლაში".

სოფლის მოხელის, მარია რუსუს თქმით, 90-იან წლებში ჩიუტულეშტში 3 000 მცხოვრები იყო. უკვე მაშინ სოფელი ცარიელდებოდა. ადამიანები სოფელს სამსახურის ძიების ფარგლებში ტოვებდნენ, ზოგი სხვა ევროპულ ქვეყნაში მიდიოდა, ზოგი – რუსეთში, მათ შორის იყვნენ აპოსტოლებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ვლადისლავი რუსეთში გაიზარდა, სკოლაშიც აქ დადიოდა და სამხედრო სამსახურიც აქ გაიარა, მშობლიურ სოფელთან კავშირი არ გაუწყვეტია. ერთ-ერთი, ვისთანაც მას რეგულარული კონტაქტი ჰქონდა, მისი მეზობელი, ვლადისლავ უნგურეანუ იყო.

მეგობრებმა ბოლოს 2018 წლის იანვარში ისაუბრეს, ერთ თვის შემდეგ ვლადისლავი ხაშამის ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა. ვაგნერში მისი კოდური სახელი ვოლკი იყო (რაც მგელს ნიშნავს, რუსულ ენაზე), სავარაუდოდ, იმიტომ, რომ კისერზე მგლის ტატუ ჰქონდა.

"ვაგნერთან მისი კონტრაქტი მაისში უნდა დასრულებულიყო" – ამბობს უნგურეანუ - "მითხრა, რომ სახლში დასაბრუნებლად მზად იყო, სახლი და ჰამერი უნდა ეყიდა. მივხვდი, თუ ეს ყველაფერი უნდოდა, ფულიც ჰქონდა".

უნგურეანუ ვლადისლავის ზარს 10 თებერვალს ელოდა, ეგონა რომ მეგობრის ცოლისთვის დაბადების დღის მისალოცად დარეკავდა.

"ველოდებოდით. გვეგონა, ტელეფონი დარეკავდა, მაგრამ ეს არასოდეს მოხდა".

ვლადისლავი შეიძლება ოჯახში მისაბაძი მაგალითის გარეშე გაიზარდა, მაგრამ მოლდოვის მეორე ბოლოში, სოფელ კოტიჰანაში ზრდილი ძმების, ბუტნარჩიუკებისთვის მდგომარეობა განსხვავებული იყო. მათი მამა, გეორგი მუდამ სახლში იყო და პრობლემაც სწორედ ეს იყო.

ბუტნარჩუკების ორი მეზობელი New Lines-ს ოჯახში ძალადობის ისტორიაზე ესაუბრა. გეორგი საშინლად სცემდა ცოლს, თინას, ხშირად შვილების, ალექსანდრუს და ვიქტორის თვალწინ. იმ დროშიც კი, როცა ოჯახში ძალადობა კოტიჰანაში იმდენად გავრცელებული იყო, რომ თითქმის სოციალურ ნორმად აღიქმებოდა, გეორგი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.

"ამ ოჯახის გამო დავიტანჯე" – ამბობს ალექსანდრუს და ვიქტორის მასწავლებელი – "ვამბობდი, როცა გეორგი არასწორად იქცეოდა, მაგრამ ძალიან სასტიკი იყო. ძალიან მეშინოდა ასეთი ადამიანების".

მასწავლებლის თქმით, ალექსანდრუმ და ვიქტორმა სკოლის გაცდენა დაიწყეს და დავალებებს არ ასრულებდნენ. როცა მასწავლებელი ამის შესახებ გეორგის და თინას ესაუბრა, არაფერი შეცვლილა.

8 კლასის დამთავრების შემდეგ ალექსანდრუმ და ვიქტორმა სოფელი დატოვეს. მას შემდეგ სოფლის მცხოვრებლებს იშვიათად ესმოდათ ძმების შესახებ. მეზობლები ამბობენ, რომ უმცროსი ძმა, ვიქტორი საბერძნეთში ციხეში აღმოჩნდა, ალექსანდრუმ ძმის ბედი რუსეთში გაიზიარა. New Lines-მა ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო.

ოჯახის სახლი ძველ, დანგრეულ სოფლის სკოლასთან ახლოსაა. სოფელში ახალი სკოლა აშენდა. სახლი მიტოვებულია. სოფელში ალექსანდრუ 2016 წელს გეორგის გასვენებაში იყო ჩასული.

მაშინ ალექსანდრუმ მეზობლებს უთხრა, რომ რუსეთში, ტომსკში მშენებლობაზე მუშაობდა. სინამდვილეში კი ვაგნერის წევრი იყო. მისი ამჟამინდელი ადგილმდებარეობა უცნობია.

ვიქტორის კავშირზე პრიგოჟინის ორგანიზაციასთან ინფორმაცია ცნობილი არ არის (მისი სახელი არ ჩნდება New Lines-ის მიერ მოპოვებულ მონაცემებში), მაგრამ ის დონბასში პრორუსული სეპარატისტების მხარეს იბრძოდა და 2021 წლის სექტემბერში მოკლეს, იმ დროს, როცა გამოძიება იწყებოდა.

ნედელკუ ნელია და მარია ბარლეა ბუტანჩიუკების მიტოვებულ სახლთან. ორივე ძმა დაქირავებული მებრძოლი გახდა. ფოტო: Anders Hansson/Dagens Nyheter

ქალაქი სლავიანსკი აღმოსავლეთ უკრაინაში კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონბასის ანკლავებს შორის ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრშია. ეს ერთ-ერთი პირველი დასახლებული ცენტრი იყო, რომელზეც პრორუსულმა ძალებმა, მათ შორის ГРУ-ს ოპერატიულმა სამსახურებმა 2014-ში კონტროლი დაამყარეს. მწვავე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის სამთავრობო ძალებმა სლავიანსკზე კონტროლი დაიბრუნეს.

ალექსანდრ მოტინგა, უკრაინის მოქალაქე, ერთ-ერთი იყო იმათ შორის, ვინც რუსეთის მხარეს იბრძოდა და შემდეგ ვაგნერის დაქირებული მებრძოლი გახდა. მისი ადგილმდებარეობა უცნობია. მისი ძმა, ოლეგი მშობლების სახლში მარტო ცხოვრობს. ოლეგმა არ იცის, როგორ მოხდა ალექსანდრის რეკრუტირება.

"დედას დაურეკა და უთხრა, რომ ტაიგაზე ტყეში სამუშაოდ მიდიოდა. თქვა, რომ ორი წელი იქნებოდა წასული და ტელეფონი არ ექნებოდა". – უთხრა ოლეგმა New Lines-ს.

სახლი სლავიანსკში პატარა და ღარიბულია. ეზოში პატარა ბოსტანია. სამზარეულოში კედელზე აგურის გამოსახულებიანი შპალერია გაკრული, მეორე მხარეს კედელი თეთრი ფილებითაა მოპირკეთებული. ქურაზე ჩაიდანი დუღს და ოლეგი ბავშვობის, აზოვის ზღვაზე ბედნიერი არდადეგების სურათებს ათვალიერებს. ასეთი ოჯახური იდილია დიდ კონტრასტს ქმნის იმ იარაღმომარჯვებული ალექსანდრის სურათებთან, რომელიც სირიასა და დონბასშია გადაღებული.

ვაგნერის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ალექსანდრი სირიაში 2017 წლის ივნისში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

"დედა და მამა ამ ამბიდან მალევე დარდით გარდაიცვალნენ. ვერ გაუძლეს". – ამბობს ოლეგი.

ოლეგი დარწმუნებული არ არის, რომ მისი ძმა მკვდარია.

"ვიცი, რომ ჩემი მშობლები იმქვეყნად არიან, რადგან მე დავმარხე. რა ვიცი, რომ ჩემი ძმა მკვდარია? გარდაცვალების ცნობაც კი არ მაქვს. იქნებ, ერთ დღესაც დაბრუნდეს".

"რა ვიცი, რომ ჩემი ძმა მკვდარია? სიკვდილის დამადასტურებელი საბუთიც კი არ მაქვს." – ამბობს ვაგნერის მებრძოლის ალექსანდრ მოტინგას ძმა ოლეგი. ფოტო: Anders Hansson/Dagens Nyheter
ოლეგ მოტიგას ძმის სიკვდილის დამადასტურებელი საბუთი არ აქვს. სანამ ამ საბუთს არ ნახავს, ძმის სიკვდილის არ სჯერა. ფოტო: Anders Hansson/Dagens Nyheter
ალექსანდრ და ოლეგ მოტიგები ბავშობაში მშობლებთან რაისასთან და ვიქტორთან ერთად, აზოვის ზღვაზე. ფოტო საოჯახო ალბომიდან / Anders Hansson/Dagens Nyheter

მოლდოვის უშიშროების სამსახურის პოლკოვნიკ-ლეიტენანტი New Lines-სთან საუბარში ამბობს, რომ ვაგნერის მსგავს სამხედრო დაჯგუფებებში გაწევრიანების  სამი ძირითადი მიზეზი არსებობს.

"უპირველეს ყოვლისა, ესაა ფინანსური ანაზღაურება, ბევრისთვის ესაა რეკრუტირების საწყისი ელემენტი". – ამბობს ოფიცერი.

მეორეა კომპრომატი – მაგალითად, კრიმინალური წარსული, რომელთან დაკავშირებულ სამართალდევნასაც მშობლიურ ქვეყნებში თავი აარიდეს.

"მესამე მიზეზი იდეოლოგიურია, რომელიც ფსევდო-პატრიოტული გრძნობების გამოყენებით შეიქმნება". – ამბობს ოფიცერი – "ეს მოიცავს სხვადასხვა ელემენტს, სოციალურ სტატუსს, განათლების ნაკლებობასა და სიახლოვეს იმ ადამიანებთან, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე მდგომარეობის რეალურ აღქმას ართულებენ".

"თავგადასავლებს ეძებენ და შარში ეხვევიან. დაბრუნებულებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, რადგან რაც გამოიარეს, არც ისე სასიამოვნო იყო".

მშობლები დაქირავებული მებრძოლად სირიაში წასული შვილის, ალექსანდრის სიკვდილის ცნობის შემდეგ მალეე გარდაიცვალნენ, ოლეგი მშობლების სახლს მარტო უვლის. ფოტო: Anders Hansson/Dagens Nyheter

უკრაინული სადაზვერვო სამსახურს ოფიცრები, ხირსტაკი და გუსკოვი თვლიან, რომ ვაგნერი მათ ქვეყანაში აღარ მოქმედებს, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით დაქირავებული მებრძოლების მოქმედების აღრიცხვას განაგრძობენ და მონაცემთა ბაზას ანახლებენ.

უკრაინის უშიშროების სამსახური სიხარულით უზიარებს ევროპელ კოლეგებს ინფორმაციას, მაგრამ ხშირად ევროპელებისგან გამოუცდელობას და მიამიტობას იღებენ.

"ვხედავთ, რომ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა იტალია და გერმანია, იხსნება ბევრი პრორუსული ეთნიკური, ლინგვისტური, კულტურული ან სპორტული სტრუქტურა" – ამბობს ხირსტაკი – "რუსეთს შეუძლია, ეს მათთვის, ვისი დაქირავებულ მებრძოლად აყვანაც სურს, ვიზების მისაღებად გამოიყენოს. ევროპული სპეცსამსახურები ამას საკმარის ყურადღებას არ უთმობენ".

ხირსტაკი ასევე აღნიშნავს, რომ ტექნიკურად არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა ვაგნერის დაჯგუფება, ეს რუსეთის სახელმწიფოს პროექტია.

"ვაგნერი რეალურად რუსეთის სამხედრო დაზვერვაა". – ამბობს ხირსტაკი – "ხვალ ევროპაში რუსეთს რამე არალეგალურის გაკეთებისთვის 100 კაცი რომ სჭირდებოდეს, ეს ადამიანები ორიდან ხუთკაციან ჯგუფებად, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები გაფრინდებიან ევროპაში. იქ შეგროვდებიან, ფორმას ჩაიცმევენ, იარაღს აიღებენ. ერთ პატარა ჯგუფს ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია მდგომარეობის დესტაბილიზაცია. ვაგნერის ნამდვილი საფრთხე სწორედ ეს არის".

კომენტარები