ღამის კლუბები

ღამის კლუბები: ჩვენ გადაგვაგდეს, გადადებული ღონისძიებები ჩატარდება

ღამის კლუბების წარმომადგენლების განცხადებით, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, წინა კვირიდან ამ კვირაში გადადებული ღონისძიებები ჩატარდება და რომელიმე კლუბის დალუქვის შემთხვევაში მწვავე პროტესტს მიმართავენ.

"საქართველოში ყველაზე დაცული სივრცის იდეით ვართ მისულები და საერთოდ მწვანე პასპორტი რომ არსებობს ეს პირველად საკლუბო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გავაჟღერეთ. საბოლო ჯამში მათ ეს მწვანე პასპორტი მიიღეს, მაგრამ ჩვენ გადაგვაგდეს, რასაც შეიძლება ეწოდოს, რომ არის მიზანმიმართული ბრძოლა. წინა კვირიდან ამ კვირისთვის გადადებული ღონისძიებები ჩატარდება, ჩვენ ვაგრძელებთ ღონისძიებების ჩატარებას. იმ შემთხვევაში, თუ ყველა ან რომელიმე ვენიუ დალუქული იქნება ან სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, მთელი საკლუბო სცენა იქნება ერთიანი და მივამრთავთ მწვავე პროტესტის ფორმას, სავარაუდოდ დიდი აქციები იქნება" - ამბობენ კლუბების წარმომადგენლები.

კლუბების განცხადება სრულად:

2 წლის წინ COVID19 გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს საკლუბო სცენამ, რომელიც გამორჩეულია მისი უნიკალურობით და დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, საკუთარი ინიციატივით მიიღო დროებით დახურვის გადაწყვეტილება, რადგან გააზრებული გვქონდა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიმწვავე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობა.

ამ პერიოდის განმავლობაში შევიმუშავეთ ცოდნაზე, გამოცდილებასა და კვლევაზე დაფუძნებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების დროს ვირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას. სწორედ ამიტომ, კლუბების გახსნის მოთხოვნა არ დაგვიყენებია მანამ, სანამ თავად არ დავრწმუნდით, რომ შევძლებდით ჩვენს სივრცეებში შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას.

სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირებისა და შეთანხმებისა, დღეს, 22 დეკემბერს, 22 თვიანი ლოდინის შემდეგ საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. ამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა და მასთან ერთად, ამ სფეროში დასაქმებული 8000-მდე ადამიანის მომავალი.

ვწუხვართ, რომ გვჯეროდა და კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით მწარედ მოტყუებულები.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მშვიდად ვუყუროთ ერთი მხრივ ხალხზე ზრუნვის მოტივით, როგორ ანადგურებს ხელისუფლება ჩვენს სფეროს, რომლის წარმატებამ და გლობალური მასშტაბით აღიარებამ ქვეყანას უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა, მეორე მხრივ კი თავად აორგანიზებს კონცერტებსა და ხალხმრავალ შეკრებებს.

სახელმწიფოს არამხოლოდ არ აღმოაჩნდა ნება და სურვილი მხარი დაეჭირა და ხელი შეეწყო კრიზისის პირისპირ დარჩენილ სფეროსთვის, არამედ მუქარის ენით გველაპარაკება.

მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა, მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება - თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის მოსამზადებლად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაღება მოგვიწია.

ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას !

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი დაწესებულებები:

  • The Cultural and Creative Industries Union of Georgia
  • 4GB
  • BASSIANI
  • Boom Boom Booking Agency
  • Bude
  • CAFE-GALLERY
  • Colibri
  • DAISI • დაისი
  • დედაენის ბარი
  • KHIDI
  • Kibe
  • Left Bank
  • Lisi Rest
  • Lisi Wood 
  • MIONI
  • Millennials
  • მტკვარზე • MTKVARZE
  • Mzesumzira
  • რეფლექტორი /  Reflector
  • Swing Festival
  • TES
  • TIVI • ტივი 

22 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, რომ საბჭოს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ღიბრაძის თმით, საკლუბო ღონისძიებების ჩატარება კვლავ აკრძალულია.

17 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ღონისძიებების ჩატარება ნებადართული არაა.

მიუხედავად ინსპექციის ამ განცხადებისა, ღონისძიებები მაინც ჩატარდა, თუმცა, 18 დეკემბერს, ღამის კლუბების წარმომადგენლებმა, შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადაიდოს.

19 დეკემბერს, შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.

საქართველოს კლუბების ასოციაციის განცხადებით, 17-18 დეკემბრის ღონისძიებები, სწორედ შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმების შედეგად დაიგეგმა.

კომენტარები