NATO-რუსეთი

"მზად უნდა ვიყოთ, რომ მოთხოვნებზე უარი პუტინმა ომის საბაბად გამოიყენოს" – რიშის განცხადება

AP News

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება. სენატორი წერს, რომ უსაფრთხოების შესახებ რუსეთის შემოთავაზება აშშ-სთვის და NATO-სთვის ომის საბაბია და ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

"რუსეთის მთავრობის მიერ ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს მიმართ შეთავაზების გამოქვეყნება დიპლომატიის შეურაცხყოფაა და ცდილობს ჩვენ დაგვასრულებინოს ის კრიზისი, რომელიც თავად რუსეთმა შექმნა. ეს არა უსაფრთხოების შეთანხმება, არამედ იმ დათმობების ჩამონათვალია, რომლებზეც აშშ და NATO უნდა წავიდეს პუტინის დასამშვიდებლად.

რუსეთის ფედერაციამ ეს მოთხოვნები იმის სრული გააზრებით წარმოადგინა, რომ მათი მიღება შეუძლებელია. მოთხოვნები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ NATO-ს ხელშეკრულების პრინციპებსა და სულისკვეთებას, არამედ ალიანსის წევრ 30-ვე სუვერენული ქვეყანასთან დადებულ შეთანხმებას. რუსეთი აშკარად ცდილობს ომის საბაბის შექმნას. პუტინმა იცის, რომ აშშ და NATO-ს წევრი 29 ქვეყანა არ აწარმოებენ და არც აპირებენ მოლაპარაკებას სუვერენული ქვეყნების, როგორიც უკრაინაა, მომავალზე, რომლებსაც უნდა შეეძლოთ საკუთარი არჩევანის გაკეთება". – წერს რიში.

სენატორი მოკავშირეებს მოთხოვნების უარყოფისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ, შესაძლოა, რუსეთმა უარი უკრაინაში ომის საბაბად გამოიყენოს.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ და ყველა ჩვენმა მოკავშირემ NATO-დან სასწრაფოდ და ცხადად უნდა უარყოს ამ შემოთავაზებაში ჩამოთვლილი მოთხოვნები. ჩვენ ასევე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პუტინმა ამ იძულებით მოთხოვნაზე ჩვენი უარი სამხედრო ძალის გამოყენების საბაბად გამოიყენოს, რათა მიიღოს ის, რაც მისი არ არის. ნათელია – კონგრესმა და ადმინისტრაციამ უნდა იმოქმედონ მანამდე და არა მას შემდეგ, როცა რუსეთი კიდევ უფრო გაძლიერდება. მათ უნდა ცხადყონ, რომ ამ სახიფათო გამოძალვასა და შანტაჟს არ დაუშვებენ". – წერს სენატორი.


17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

კრემლის ამ პირობებს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ "მხოლოდ უკრაინასა და NATO-ს წევრებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ თავიანთი ურთიერთობების შემდეგი განვითარების ვექტორი, მათ შორის, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი". 

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს ასევე სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები