აშშ-რუსეთი

"სიხარულის განსაკუთრებული მიზეზი არ ყოფილა" – პესკოვი ბაიდენის და პუტინის საუბარზე

დმიტრი პესკოვი
interaffairs.ru

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა Россия 1-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ვიდეოშეხვედრა შეაფასა. –

"სიხარულის განსაკუთრებული მიზეზი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. პრეზიდენტი ასრულებს ქვეყნის მეთაურის ფუნქციას, მდგომარეობა ძალიან სერიოზულია და მოითხოვს სახელმწიფოს მეთაურის მუდმივ ყურადღებას, რასაც პრეზიდენტი აკეთებს" - თქვა პესკოვმა.

კრემლის სპიკერის თქმით, შეხვედრაზე განიხილა "საკმაოდ და საკმაოდ რთული თემები, მთავარია, რომ ეს თემები ძირითადად ეხებოდა აზრთა სხვადასხვაობას". პესკოვის თქმით, პუტინი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას "წითელ ხაზად" მიიჩნევს, მაშინ როცა აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ არავის "წითელი ხაზების" გათვალისწინებას არ აპირებს. 

"კონცეპტუალურად ეს ძალიან, ძალიან სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა რუსეთსა და აშშ-ს შორის" - თქვა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს დროს ბაიდენი თანაშემწეებს დამატებით მასალებს სთხოვდა, რაც პუტინს არ დასჭირვებია რადგან "ის ძალიან კარგად ფლობს თემატიკას".

კრემლის სპიკერის თქმით, უახლოს მომავალში პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთანაც გამართავს ვიდეოშეხვედრას.

უკრაინის საზვრებთან დაძაბული მდგომარეობის გამო აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრა გამართეს. თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრაზე ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ. სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში შესაძლო ეკონომიკურ ზომებად განიხილება პუტინის უახლოესი გარემოცვისთვის, რუსეთის უმსხვილესი ბანკებისთვის და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის სანქციები დაწესება. ასევე უკიდურესი ზომა შეიძლება იყოს რუსეთის ჩახსნა SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან.

შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მან ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ის "საშინელ ფასს გადაიხდის" და სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის "დამანგრეველი შედეგები" ექნება.

უკრაინის საკითხის განხილვისთვის ერთმანეთს ასევე შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეხვედრამდე ბლინკემა ლავროვი უკრაინასთან დაკავშირებით ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები