დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

თეთრი სახლი: როდესაც უკრაინა დღის წესრიგის ნაწილია, ის იქნება მოლაპარაკებების მაგიდასთან

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2021 წლის პირველ სექტემბერს ვაშინგტონში
Brendan Smialowski, AFP

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ბაიდენმა ნათლად განმარტა, რომ "როდესაც უკრაინა დღისწესრიგის ნაწილია, ის იქნება მოლაპარაკებების მაგიდასთან".

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადად გამოხატა, რომ აშშ აგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. პრეზიდენტმა ზელენსკის პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შინაარსი გაუზიარა. როგორც მან პუტინს უთხრა, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად რუსეთს ხისტი ეკონომიკური ზომებით უპასუხებს, მიაწოდებს დამატებით თავდაცვით საშუალებებს უკრაინას და გაამტკიცებს დამატებითი შესაძლებლობებით აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-ს მოკავშირეებს."

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია დათმობების შესახებ, მაგრამ პუტინთან საუბრისას აშშ დათმობებზე არ წასულა.

"ვფიქრობ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განმარტა, რომ ის ჩვენი პრინციპების ერთგული რჩება. მან ნათლად განმარტა, რომ ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, აიძულოს მეორეს შეცვალოს საკუთარი საზღვრები, ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება მეორეს პოლიტიკა უკარნახოს, სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება ერთმანეთს უთხრან, ვისთან იმუშაონ და ვისთან არა." - თქვა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

ბაიდენის და პუტინის ვიდეოშეხვედრაზე საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმაც აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს უკრაინასთან დაკავშირებით უკრაინის მონაწილეობის გარეშე რაიმე გააკეთოს. პრაისის თქმით, ბაიდენის და პუტინის ვიდეოშეხვედრის დროს არ ყოფილა რაიმე დათმობაზე წასვლა რუსეთთან. სპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგი მდგომარეობის დეესკალაციისთვის უნდა შედგეს და ის არ იქნება დათმობა ან რუსეთისთვის რაიმე სახით ხელისშეწყობა და კომპრომისზე წასვლა.


უკრაინის საზვრებთან დაძაბული მდგომარეობის გამო აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრა გამართეს. თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრაზე ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ. სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში შესაძლო ეკონომიკურ ზომებად განიხილება პუტინის უახლოესი გარემოცვისთვის, რუსეთის უმსხვილესი ბანკებისთვის და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის სანქციები დაწესება. ასევე უკიდურესი ზომა შეიძლება იყოს რუსეთის ჩახსნა SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან.

უკრაინის საკითხის განხილვისთვის ერთმანეთს ასევე შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეხვედრამდე ბლინკემა ლავროვი უკრაინასთან დაკავშირებით ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები