დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ: თუ რუსეთი კონფრონტაციას გააგრძელებს, ვუპასუხებთ მკაცრი ეკონომიკური ზომებით

ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის თქმით, თუ რუსეთი უკრანის წინააღმდეგ კონფრონტაციას გააგრძელებს, აშშ რუსეთს ხისტ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. პრაისის თქმით, ეს ინფორმაცია რუსეთს ცხადად მიაწოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ამ საკითხზე ისაუბრებს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ვიდეო შეხვედრის დროს.

"თუ მოსკოვი არ გამოხატავას დიპლომატიურ განმუხტვის ინტერესს, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები მზად ვიქნებით, მივმართოთ ისეთ ზომებს, რომლებიც წარსულში არ გამოგვიყენებია. კონკრეტულად, თუ რუსეთი გააგრძელებს კონფრონტაციას და სამხედრო მოქმედებას, ჩვენ ნათლად ვუთხარით მოსკოვს, რომ ჩვენი პასუხი იქნება მტკიცე, მათ შორის [მივამრთავთ] მკაცრ ეკონომიკურ ზომებს, რომელთა გამოყენებისგან წარსულში თავს ვიკავებდით.

...ეს არის ის ზომები, რომლებიც წარსულში შეგნებულად არ გამოგვიყენებია, იმის გათვალისწინებით რა გავლენა ექნებოდათ მათ რუსეთზე. მაგრამ თუ რუსეთი არ აირჩევს დე-ესკალაციის გზას და თუ მისი არჩევენი იქნება სამხედრო აგრესია უკრაინაში და უკრაინის სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მოქმედებისთვის ვიქნებით მზად". – თქვა ნედ პრაისმა ბრიფინგზე.

პრაის თქმით, ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა და ასევე ეს იქნება ის საკვანძო საკითხები, რომლებზეც ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინთან ისაუბრებს.

ვლადიმერ პუტინთან საუბრამდე ბაიდენმა ევროპელ მოკავშირეებთან შესაძლო სანქციები განიხილა. აშშ-ს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და იტალიის პრემიერმინისტრ მარიო დრაგის ესაუბრა.

ლიდერებმა რუსეთის დაძაბულობის დეესკალაციისკენ და დიპლომატიური მოლაპარაკებებისკენ მოუწოდეს. თეთრი სახლის თანახმად, ლიდერები ახლო კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ რათა საკითხთან კოორდინირებული მიდგომა შეენარჩუნებინათ.

ბაიდენის ადმინისტრაციის წევრი ინფორმაციით, პრეზიდენტის გუნდი უკრაინაში ინტერვენციის დაწყების შემთხვევაში სანქციებზე შეთანხმდა. როგორც Reuters-ი წერს, საკითხთან დაკავშირებული წყაროს თქმით, განიხილებოდა ასევე პუტინის ვიწრო წრისთვის და რუსეთის უმსხვილესი ბანკებისთვის სანქციების დაწესება. 

CNN-ის თანახმად, ეკონომიკურ სანქციებს შორის შესაძლოა იყო უკიდურესი ზომა, რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან ჩახსნა. Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ და ევროკავშირი რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის განიხილავს სანქციების დაწესებას.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვიდეოშეხვედრას დღეს, 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრას გამართავენ. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ერთმანეთს ესაუბრნენ ვოლოდიმირ ზელენსკი და ენტონი ბლინკენი და მათ საერთო პოზიცია შეათანხმეს.

უკრაინის საკითხის განხილვისთვის ერთმანეთს უკვე შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეხვედრამდე ბლინკემა ლავროვი უკრაინასთან დაკავშირებით ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები