დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ნულანდი: შემაშფოთებელია, რომ პუტინი ისწრაფვის მემკვიდრეობად დატოვოს სსრკ-ს აღდგენა

ვიქტორია ნულანდი
Alex Wong/Getty Images

პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის თქმით, ვლადიმირ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ ისწრაფვის და ეს შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ ნულანდმა სენატის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, შეშფოთებას იწვევს, რომ პრეზიდენტ პუტინის საჯარო და პირადი სინანული საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებით ბოლო წლებში უფრო ხმამაღალი და ძლიერი გახდა. ბოლო ერთი წლის, ბოლო 6 თვის მანძილზე მისი საჯარო კომენტარები იმ დონემდე მივიდა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო უკრაინა არის რუსეთის ნაწილი და ეკუთვნის რუსეთს. 

შეშფოთებას იწვევს ის, რომ პუტინი ისწრაფვის მემკვიდრეობად დატოვოს საბჭოთა კავშირის აღდგენა. დაკმაყოფილდება კი მისი მადა ამით თუ ის უფრო შორს წავა? ამიტომ ვფიქრობ, რომ ერთიანობა სენატში, ერთიანობა წარმომადგენელთა პალატაში, ერთიანობა აშშ-ში, ერთიანობა ჩვენს მოკავშირეებთან და NATO-ს პარტნიორებთან და მნიშვნელოვანი შედეგები, უკრაინის მიმართ აგრესიასთან დაკავშირებით, ასე მნიშვნელოვანია და აჩვენებს, რომ მზად ვართ ამისთვის". – თქვა ვიქტორია ნულანდმა.

ნულანდმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის რესურსები რუსი ხალხის კეთილდღეობაზე უნდა იხარჯებოდეს და არა "უკრაინის ფრონტზე მათი ბიჭების გასაყინად გაგზავნაზე".

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 7 დეკემბერს ვიდეოშეხვედრა გამართეს. თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრაზე ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ. სხვადასხვა მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში შესაძლო ეკონომიკურ ზომებად განიხილება პუტინის უახლოესი გარემოცვისთვის, რუსეთის უმსხვილესი ბანკებისთვის და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის სანქციები დაწესება. ასევე უკიდურესი ზომა შეიძლება იყოს რუსეთის ჩახსნა SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან.

უკრაინის საკითხის განხილვისთვის ერთმანეთს უკვე შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. შეხვედრამდე ბლინკემა ლავროვი უკრაინასთან დაკავშირებით ძვირი საზღაურის შესახებ გააფრთხილა.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები