მოსამართლეების დანიშვნა

ოხანაშვილი: აქ არ ვართ იმისთვის, რომ ენმ-ს გავურიგდეთ, რომელ მოსამართლეს ავირჩევთ

ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს, გენადი მაკარიძეს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანდოძეს და თეა ძიმისტარაშვილს პლენარულ სხდომაზე წარსადგენად რეკომენდაცია გაუწია. 

კომიტეტის თავჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემა გადატვირთულია, შესაბამისად მოსამართლეების არჩევა საჭიროა, რათა დროულად მოხდეს მოქალაქეების საქმეების სასამართლო განხილვა. 

"თუმცა ჩვენ არ და ვერ ვიქნებით ორიენტირებული „ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგზე. ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავურიგდეთ, რომელ მოსამართლეს ავირჩევთ. ეს ჩვენი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი ამოცანაა ჩვენს  მოქალაქეებზე ორიენტირებულად  მივიღოთ გადაწყვეტილებები.  დღეს სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა გადატვირთულობა. ამიტომ, საზოგადოების წინაშე ჩვენ გვაქვს ვალდებულება უზრუნველვყოთ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის მოსამართლეთა არჩევა, რათა საქმეები იყოს გადანაწილებული ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ ლოდინი საქმეებთან დაკავშირებით". – თქვა ოხანაშვილმა

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მორიგი პროცესი 25 ნოემბერს დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფები შექმნა და აპირებს, მიმდინარე კვირას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ოთხივე კანდიდატს მოუსმინოს, რის შემდეგაც კანდიდატებს ასარჩევად პლენარულ სხდომას წარუდგენენ. საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს ამ პროცესის შეჩერებისაკენ მოუწოდებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერების მოწოდებების მიუხედავად, პირველ ჯერზე, 12 ივლისს პარლამენტმა 6 მოსამართლე მაინც დანიშნა. უზენაესი მოსამართლეების დანიშვნას აშშ-დან კრიტიკა მოჰყვა. ეს ქმედება დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ასევე, მოვლენები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც უარყოფითად შეაფასა.

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა,  სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

კომენტარები