მოსამართლეების დანიშვნა

აშშ-ს საელჩო მოსამართლეების დანიშვნაზე: შემაშფოთებელია

ამერიკის საელჩო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება შემაშფოთებელია და ხელს უშლის ნდობის გაძლიერებას მოსამართლეების მიმართ. 

საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"პარლამენტის 12 ივლისის გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიუხედავად საქართველოს პოლიტიკურ ლიდერთა 19 აპრილის მკაფიო შეთანხმებისა, „თავი შეიკავონ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით მოსამართლეთა დანიშვნისგან“ უაღრესად გულდასაწყვეტია. სამწუხაროა, რომ ამ წარდგენისა და დანიშვნის პროცესით და ინკლუზიური და ფართო სასამართლო რეფორმის განუხორციელებლობით, ვერ შესრულდა საქართველოს ლიდერების, მათ შორის, მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება.

პარტიები შეთანხმდნენ ამბიციური სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე ფართო და გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით, სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით. ცალმხრივი საკანონმდებლო ცვლილებები, მიღებული საერთაშორისო პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ, იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 19 აპრილის შეთანხმებაზე, არ შეესაბამება ამ შეთანხმების შინაარსსა და სულისკვეთებას. განსაკუთრებით, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში აპრილის დასაწყისში შესული ცვლილები, რომელმაც სრულად ვერ ასახა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მათ შორის, მთავარი რეკომენდაცია მოსამართლეთა დანიშვნების გადავადებასთან დაკავშირებით.

ფართო და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე დანიშვნის არ შეჩერებას რეალური შედეგები აქვს. სამართლის ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პარლამენტის ხარვეზიანმა პროცესმა ვერ უზრუნველყო ყველაზე კვალიფიციური კანდიდატების დაწინაურება, შედეგად კი, ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატები უვადოდ გამწესდნენ სასამართლოში. როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 9 ივლისის ანგარიშშია აღნიშნული „კანდიდატების წარდგენა განხორციელდა გარემოში, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ საზოგადოების ნდობა მწირია” და „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებული შერჩევის, მოკვლევისა და ინტერვიუების პროცესი ვერ პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს“. აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო, პარლამენტს შეეჩერებინა დანიშვნის პროცესი ინკლუზიური, ყოვლისმომცველი რეფორმის განხორციელების მიზნით, რომელშიც ასახული იქნებოდა სამართლის ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მოსაზრებები. პარლამენტს ჰქონდა ამგვარი მოქმედების უფლებამოსილება და დანიშვნების შეჩერება არ გამოიწვევდა სასამართლო სისტემის ზედმეტ გადატვირთვას. შესაბამისად, ამგვარად არ მოქცევის გადაწყვეტილება ძალიან შემაშფოთებელია და წარმოადგენს მნიშვნელოვან დაკარგულ შესაძლებლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით.

შეერთებული შტატები მზადაა გააგრძელოს პარლამენტისა და ქართველის ხალხის მხარდაჭერა საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის დამაჯერებელ ძალისხმევაში". - წერია საელჩოს განცხადებაში. 


საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. დანიშნული მოსამართლეები არიან:

  • გოჩა აბუსერიძე – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი 
  • გიორგი გოგიაშვილი – 79 მომხრე, 4 წინააღმდეგი
  • ლევან თევზაძე – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • რევაზ ნადარაია  – 77 მომხრე, 6 წინააღმდეგი
  • ბიძინა სტურუა – 78 მომხრე, 6 წინააღმდეგი 
  • ლაშა ქოჩიაშვილი – 79 მომხრე, 5 წინააღმდეგი

პარლამენტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს: ეკა ზარნაძეს, გიორგი შავლიაშვილს, ქეთევან მესხიშვილს.

განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტეს ნაწილს. 

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები პარლამენტს შესაბამისი რეფორმების გატარებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები