მიხეილ სააკაშვილი

"დაწესებულება, რომელშიც მომათავსეს, არ არის საავადმყოფო" – სააკაშვილის წერილი დენისოვას

უკრაინის ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს. წერილის თანახმად, სააკაშვილი საავადმყოფოში არ არის მოთავსებული და აპარატურით აღჭურვილი საავადმყოფო ციხის მეორე ფლიგელშია.

"პატივცემულო ლიუდმილა, ისტორიული სირცხვილია, რომ არ გიშვებენ. მადლობა გმირობისთვის. დაწესებულება რომელშიც მომათავსეს, არ არის საავადმყოფო. საავადმყოფო აპარატურით (მაგრამ არა მულტიფუნქციური) მეორე ფლიგელშია, სადაც სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. კრიმინალები უყვიროდნენ თქვენს კონსულსაც, შეგიძლიათ ჰკითხოთ მას. მე კი დღე და ღამე მიყვირიან. ჩემს პირად ექიმს და მათ მიერვე ჩამოყალიბებულ კონსილიუმს აღარ უშვებენ ჩემთან. დღეს უკვე მესამედ საკუთარ სასამართლოზე არ დამიშვეს. თქვენ როგორც ავტორიტეტულ ფიგურას, ბევრი რამ შეგიძლიათ შეცვალოთ და თქვენს განცხადებებს უკვე ჰქონდა ძლიერი ეფექტი.

მე უკრაინის ერთგული მოქალაქე ვრჩები და ძალიან მაღელვებს ჩვენს საზღვრებზე მიმდინარე მოვლენები, ვისურვებდი მანდ ვყოფილიყავი. ასევე, გთხოვთ, ლომჯარია გაამხნევეთ. ის ყველაფერს სწორად ამბობდა, თუმცა მას მუდამ თავს ესხმიან და ვშიშობ, არ შეშინდეს. დამიჯერეთ, ქართველი და უკრაინელი ხალხი თქვენს გმირობასა და ადამიანობას აფასებს.  დიდი პატივისცემითა და მადლიერებით.

P.S. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ბოლო 3 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, საწოლიდან არ ავმდგარვარ. წნევა ძალიან დაბლიდან რეკორდულ სიმაღლემდე დახტის. კალიუმი ერთ მომენტში 2.6-დე დაეცა, შემდეგ ჩემმა ექიმმა წამლებით დამიბალანსა, თუმცა რადგან მას აღარ უშვებენ, მე მათი მიღება შევწყვიტე. ჩემს პალატაში არაა არა მხოლოდ აპარატურა, არამედ ზარით გამოძახების საშუალებაც." - წერს სააკაშვილი

უკრაინის სახალხო დამცველი, ლიუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. დენისოვას განმარტებით, მას იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან შეხვედრა სურდა, თუმცა, ბრეგაძემ მის ზარებს არ უპასუხა.

იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძის მტკიცებით კი, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის ომბუდსმენის, ლიუდმილა დენისოვას შეშვების ვალდებულება არ აქვთ

ლიუდმილა დენისოვა საქართველოში გუშინ, 15 ნოემბერს, იმის გასარკვევად ჩამოვიდა, თუ რამდენად არის დაცული ციხეში უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები. მან თქვა, რომ საზღვარზე გააჩერეს და ჩამოსვლის მიზეზებთან დაკავშირებით 40 წუთი კითხავდნენ. მისივე თქმით, სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე ელჩებს, ევროპარლამენტსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილი არ სასამართლოში არ გადაიყვანეს არც 15 ნოემბრის პროცესზე.

კომენტარები