მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის ადვოკატი: დენისოვას არშეშვება ქვეყნებს შორის სკანდალია, ფასს ქვეყანა გადაიხდის

მთავარი/კადრი ვიდეოდან

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მოსანახულებლად უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას არშეშვებას ეხმაურება. თუთბერიძის შეფასებითმ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება "ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანი სკანდალია" და, მისივე სიტყვებით, ქვეყანა ამის გამო "ფასს გადაიხდის". 

"სამწუხაროდ, მიღებული იქნა იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ უაღრესად სამარცხვინო გადაწყვეტილება - ის [ლუდმილა დენისოვა] არ შეუშვეს. იუსტიციის მინისტრის პირველადი განცხადებით, ამის მიზეზი არის ის, რომ ისინი უფრთხილდებიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამიტომ არ დაუშვეს მასთან სახალხო დამცველი, თუმცა, ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრს წამოსცდა რეალური მიზეზი ამ უარისა - ის, რომ ქალბატონმა დენისოვამ, როდესაც წინა ვიზიტიდან გამოვიდა, გააკეთა საკმაოდ მკაცრი და რეალისტური განცხადება მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და ძალიან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას დარღვევების შესახებ.

[...] იუსტიციის სამინისტრო უკვე მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის დამალვას ცდილობს და არავითარი სამართლებრივი გამართლება ამას არ გააჩნია. ეს ფაქტია, რომლის გამოც ფასს გადაიხდის არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტრო და მინისტრი, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყანა, იმიტომ, რომ, მე ვფიქრობ, ეს არის უკვე ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანი სკანდალი". - ამბობს თუთბერიძე. 

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ დაწესებულებაში დენისოვას შეშვების ვალდებულება არ აქვთ და, მისივე სიტყვებით, დენისოვამ სააკაშვილთან წინა ვიზიტის შემდეგ "ცალმხრივი განცხადება" გააკეთა. "კარგი იქნებოდა, მაშინ შეგვხვედროდა". - ამბობს რატი ბრეგაძე. 

დენისოვა საქართველოში იმის გასარკვევად ჩამოვიდა, თუ რამდენად არის დაცული ციხეში უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები. მან თქვა, რომ საზღვარზე გააჩერეს და ჩამოსვლის მიზეზებთან დაკავშირებით 40 წუთი კითხავდნენ. მისივე თქმით, სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე ელჩებს, ევროპარლამენტსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. მიხეილ სააკაშვილი არ სასამართლოში არ გადაიყვანეს არც 15 ნოემბრის პროცესზე.

კომენტარები