მიხეილ სააკაშვილი

ხოშტარია: დავთანხმდი გადასხმებს, თირკმელის გაჩერების რისკი რომ მოიხსნება, შევაჩერებ

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე მე-13 დღეა შიმშილობს, საკუთარ Facebook გვერდზე წერს, რომ ექიმის თქმით, მის ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს არ გაიკეთებს, ექიმის თქმით, თირკმელი ვერ გაუძლებს.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, ამიტომაც დათანხმდა გადასხმებს და როცა აღარ იქნება თირკმლის გაჩერების რისკი, გადასხმებს შეაჩერებს.

"გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემ ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა მდგომარეობა. მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.

აქედან გამომდინარე დავთანხმდი ამ ეგაპზე გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს.

თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე! გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!". – წერს ელენე ხოშტარია.

მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 46 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები