მიხეილ სააკაშვილი

"სააკაშვილი გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშაა" – ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის მიმართვა

ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული

აშშ-ში მომუშავე ექიმები, ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული საქართველოს ჯანდაცვის მინსიტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ღია წერილით მიმართავენ. 

ექიმები აქცხადებენ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ფაზაში შევიდა და სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ექიმები წერენ, რომ სააკაშვილს აღენიშნება რიგი სერიოზული ობიექტური სიმპტომები, რომლებმაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შექმნას სიცოცხლისათვის სახიფათო, ლეტალური გართულება.

"მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტად მყოფი მეგობრის გადმოცემით, მას დღეს აღენიშნა გულისრევა მოყავისფრო შიგთავსით. სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული ყავის ნალექის ტიპის ღებინება (vomiting of blood or coffee-ground-like material). ეს არის კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტიდან სისხლდენის პათოგნომური კლინიკური ნიშანი. ასეთი სისხლდენა შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის ეროზიული უბნიდან ან წყლულოვანი ზედაპირიდან.

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წარმოადგენს გადაუდებელ სამედიცინო პრობლემას. ასეთი პაციენტი სასწრაფოდ უნდა იქნეს მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არასტაბილური ჰემოდინამიკის შემთხვევაში პირდაპირ პალატაშივე უნდა ჩატარდეს კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის ენდოსკოპიური კვლევა შესაბამისი რადიკალური ჩარევით. გასათვალისწინებელია გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შესაძლო საჭიროებაც.

კლინიკურად მნიშვნელოვანია პაციენტის ჰემოდინამიკური მდგომარეობის სტაბილურობის ზუსტი და მუდმივი განსაზღვრა. კერძოდ, მუდმივ რეჟიმში უნდა ისაზღვრებოდეს წნევა, გულისცემა, ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე და ა.შ".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ექიმები აცხადებენ, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ლაბორატორიული მონაცემების უზუსტესი კვლევა და პაციენტის მომზადება სისხლის შესაძლო გადასხმისთვის. 

"აღნიშნული სიტუაციის ადეკვატურად სამართავად შესაძლოა საჭირო გახდეს მასიური ჰემოტრანსფუზია, სპეციფიკური ენდოსკოპიური ქირურგიული ჩარევები, კომპლექსური ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც მოითხოვს ამ პროცედურებში დახელოვნებულ, გამოცდილი პროფესიონალების გუნდს, რაც უპირობოდ უნდა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიურ, მაღალკვალიფიციური ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

მოშიმშილე პაციენტის შემთხვევაში ყველა ზემოჩამოთვლილი გართულება თუ პროცედურა ბევრად უფრო სარისკო და ძნელად სამართავი ხდება. პროცედურისათვის აუცილებელი ანესთეზიისთვის საჭირო მედიკამენტების გამოყენებაც კი შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. ასეთი პაციენტის ანესთეზიას აუცილებლად წინ უნდა უძღოდეს ელექტროლიტების ბალანსის აღდგენა". - აცხადებენ ექიმები.

მათივე თქმით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება ტრემორი, მკვეთრად გამოხატული კუნთოვანი სისუსტე და მეხსიერების ხანმოკლე ჩავარდნები. ისინი აცხადბენე, რომ ეს სიმპტომები დიდი ალბათობით მიუთითებს უაღრესად საშიში ნევროლოგიური გართულების, ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომის საწყისი ეტაპის განვითარებაზე, "რაც თავისთავად, დამოუკიდებლად წარმოადგენს კიდევ ერთ გადაუდებელ სამედიცინო კატასტროფას, რომელიც შეიძლება დასრულდეს კრუნჩხვებითა და კომატოზური მდგომარეობის განვითარებით".

"სრული პასუხისმგებლობით, პროფესიულ სინდისსა და ჩვენს ოფიციალურ სამედიცინო კვალიფიკაციაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ეთერში საჯაროდ გაჟღერებული სიმპტომების მიხედვით, უპირობოდ იმყოფება გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ; საჭიროებს სასწრაფო გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური კლინიკის ინტენსიური განყოფილების პირობებში. პაციენტის მართვაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ: რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, ინვაზიურ ჩარევებში დახელოვნებული გასტროენტეროლოგი, კარდიოლოგი, ჰემატოლოგი, ენდოკრინოლოგი და ნუტრიციონისტი. ასევე, პაციენტს უნდა უვლიდეს მაღალკვალიფიციური ექთანი რომელსაც შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში ჰემოდინამიური ძვრების მონიტორზე მყისიერი ამოცნობა.

გაფრთხილებთ, ზემოაღნიშნული სიმპტომების უგულებელყოფასა და მკურნალობის დაყოვნებას აუცილებლად ექნება გამოუსწორებელი შედეგი!"- წერია განცხადებაში. 


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 45-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები