მიხეილ სააკაშვილი

მელია კობახიძის განცხადებაზე: საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაცია

ნიკა მელია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. მელიას თქმით, კობახიძის განცხადება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაციაა.

"ღია დეკლარაცია და განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა, მეტი კი არაფერი გააკეთა თავის დროზე იანუკოვიჩმა. იგივე განცხადება გაავრცელა დღეს ბატონმა კობახიძემ ქართული ოცნების სახელით. მან თქვა, რომ ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იქნება ეს ამერიკელი თუ ევროპელი, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის სახელითაც არ უნდა გაავრცელოს განცხადება, იტყვის რომ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არის მიკერძოებული – ის არის ჩვენი მტერი. ვინც იტყვის, რომ პოლიტიკური დევნა ხორციელდება სახელმწიფოში, ის არის მეტრი, ანუ ვინც იტყვის, რომ მურუსიძის სასამართლო არის პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღი, ისიც მტერია. ამაზე მეტი რა უნდა ეთქვა პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეჟიმის წარმომადგენელს? ითქვა ბევრჯერ და ახლა უფრო მკაფიოა, რომ ეს ბრძოლა არის ცივილიზაციური – რუსეთი თუ დასავლეთი. სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება იმ ისტორიულ მისწრაფებების სასარგებლოდ, რომელსაც ჰქვია უწყვეტი სვლა დასავლეთისკენ ბუნებრივია ეს აქციები არ შეწყდება." –  თქვა მელიამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ტვ პირველის ეთერში საუბრისას.

მელიას თქმით, ეს განცხადება ამჟღავნებს, რომ ქართული ოცნება დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან წყვეტს კავშირს და ამაზე პასუხი ქართულმა საზოგადოებამ მთავრობას პროტესტით უნდა გასცეს. ნიკა მელიას თანახმად, ხვალ 14 ნოემბერს თბილისში და დედაქალაქს გარეთ სხვადასხვა წერტილში აქციები გაიმართება.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კობახიძემ ევროპარლმენტარებს ვრცელი განცხადებით მიმართა და თქვა, რომ პარტნიორებმა უნდა აჩვენონ, რომ საქართველოს მეგობრები არიან და არა – სააკაშვილის.

ბოლო პერიოდში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ევროპარლამენტარების კრიტიკა გამოიწვია. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სააკაშვილთან არ შეუშევს. ფოტიგა საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს ჩამოვიდა

"სამწუხაროა კეთილი ნებისა და გამჭვირვალეობის ნაკლებობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამ სიტუაციის მოგვარების შანსი კიდევ არის. საქართველოს ხელისუფლება სრულად არის პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე". - წერს ფოტიგა.

სააკაშვილმა 11 ნოემბერს თქვა, რომ მზადაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოწოდება გაითვალისწინოს და შიმშილობა შეწყვიტოს - თუმცა, ექსპრეზიდენტი შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა, სააკაშვილი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. ასევე, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს.

ამავდროულად, მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 44 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

კომენტარები