მიხეილ სააკაშვილი

ბოკერია კადრებზე: ქვეყნის შიგნით შავბნელ ძალებს ახარებს, ქვეყნის გარეთ – მტრებს

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ ძალის გამოყენებით მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ბოკერიას შეფასებით, კადრები ქვეყნის შგნით "შავბნელ ძალებსა" და ქვეყნის გარეთ მტრებს ახარებს.

"მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენი და სამარცხვინო გადაწყვეტილების მიზანი აშკარად იყო პოლიტიკური დამცირება, დაშინება, რევანში ამ კრიმინალური კულტურის, რომელსაც ეყრდნობა ივანიშვილის რეჟიმი. დღევანდელი კადრები კი გაგრძელებაა ამ ყველაფრის, რომელიც ქვეყნის შიგნით შავბნელ ძალებს და ქვეყნის გარეთ ჩვენი ქვეყნის მტერს ახარებს. აქ პრეზიდენტის პერსონაზე კი არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია ქვეყნის ინტერესებზე, სამოქალაქო მშვიდობასა და ქვეყნის მომავალზე". - ამბობს გიგა ბოკერია. 

პენიტენციურმა სამსახურმა 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის კადრები ორჯერ გაავრცელა. პირველად გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ მიათრევს რამდენიმე ადამიანი მიხეილ სააკაშვილს პალატაში, შემდეგ კი იატაკზე ტოვებს. ამის შესახებ სააკაშვილმა სახალხო დამცველს იმავე დღეს აცნობა. კადრების გავრცელების კანონიერებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მეორე ვიდეოში კი მიხეილ სააკაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში ზის და ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე უარს ამბობს

"წამიყვანეთ უკან, რუსთავის ციხეში, მე აქედან ჩემი ფეხით არ გადმოვალ, თქვენ ხართ პუტინის ჯალათი, ივანიშვილის ლეკვო". - მიმართავს ის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. 

სააკაშვილის შეფასებით, "რომლებიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ - ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას". 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 42 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. თუმცა, სააკაშვილი გორის კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგია. ასევე, გადაწყვეტილება კონსილიუმმა უნდა მიიღოს, რომლის პროფესიონალ წევრთა ნახევარი სააკაშვილის წარმომადგენელი იქნება.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები