მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჯაფარიძე: თუ გიჟი არ ხარ და სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა, ეს კადრები რატომ უნდა დადო?

ტაბულა

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებს გამოეხმაურა. ჯაფარიძის თქმით, კადრების გავრცელების ერთადერთი ლოგიკური ახსნა სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაა. 

"რატომ აკეთებენ ამას? მე ერთადერთი ახსნა მაქვს - ამ ადამიანს [მიხეილ სააკაშვილს] ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ასობით ათასი ადამიანი, მათ შორის ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან გამწარდებიან ამ კადრების ნახვით. თუ მართლა გიჟი არ ხარ და სამოქალაქო დაპირისპირება არ გინდა ქვეყანაში და მართლა ვინმეს დავალებას არ ასრულებ, ეს კადრები რატომ უნდა დადო, მე არ მესმის". – ამბობს ჯაფარიძემ

ჯაფარიძის თქმით, ეს კადრები და ზოგადად ქართული ოცნების ქმედება სააკაშვილის წინააღმდეგ იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს დასავლეთის და დასავლური ინსტიტუტების აზრი.

"ეს კადრები და ზოგადად ეს დამოკიდებულება, მათ შორის იძულებით გადაყვანა გლდანის ციხეში, არ გადაყვანა მულტიპროფილურ კლინიკაში იმდენი უფლების შელახვა არის სააკაშვილის, რომ ნებისმიერ ამ საქმეს სააკაშვილი წაიღებს სტრასბურგში და ყველას მოიგებს. ამიტომ ვიძახი, რომ ამათ ფეხებზე ჰკიდიათ ეგ ამბავი, სინამდვილეში, ძალის დემონსტრირებას ახდენენ და იძახიან, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს დასავლეთი ან დასავლური ინსტიტუტები ჩვენზე რას იტყვიან, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ და ჩვენს ხელში არის მთელი ძალაუფლება". – თქვა ჯაფარიძემ

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 42 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები