საპენსიო სააგენტო

სურგულაძე: საპენსიო ფონდის შემოსავლიანობა უარყოფითია, თუმცა ამაში საპანიკო არაფერია

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ლევან სურგულაძე

საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თქმით, ქვეყანაში არსებული 12.8%-იანი ინფლაციის გამო საპენსიო ფონდის ეფექტური შემოსავლიანობა უარყოფითია და ეს პროცესი, შესაძლოა, წელიწადზე მეტიც გაგრძელდეს, თუმცა ის ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. 

"ფონდის ეფექტური შემოსავლიანობა (შემოსავლიანობას გამოკლებული ინფლაცია) ახლა უარყოფითია. გარკვეული პერიოდი ეს ნამდვილად ასე გაგრძელდება, შესაძლოა, ერთი წელი და მეტიც. თუ ასე გაგრძელდება და ფონდი მთლიანად ბანკში დარჩება, მინუსში ან ნულთან ახლოს იქნება. მაგრამ, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ბენეფიციარებისთვის საპანიკო ნამდვილად არაფერია. 

ეს გრძელვადიანი საკითხია, ინფლაცია ოდესმე დასრულდება და საპენსიო ფონდიც, რა თქმა უნდა, დადებით შემოსავლიანობაზე გავა. 

ხალხს იმედი ჰქონდა, რომ ეს ფული გაუოთხმაგდებოდათ, იმასაც ვპირდებოდით, რომ ამ ფულის ინვესტირებას მოვახდენდით სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში და შემდგომ ისინი კიდევ დამატებით სარგებელს მიიღებდნენ. 

ჩვენი კალკულაციებიც ამაზე იყო გათვლილი, ანუ რამდენი იქნებოდა ჩანაცვლების კოეფიციენტი, როცა ხალხი პენსიაზე გავიდოდა. ასე რომ, უარყოფითი შემოსავლიანობა ჩვენს კალკულატორებში არ დევს, შესაბამისად, ინფლაცია კარგი არ არის, მაგრამ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ის ოდესმე დასრულდება". – ამბობს სურგულაძე. 

ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სისტემაში 1 166 737 მოქალაქე მონაწილეობს და მათ მიერ მიღებული ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო ფონდში ირიცხება. 

საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობა ამჟამად 1.8 მილიარდ ლარს აღწევს. აქტივები რვა კომერციულ ბანკშია განთავსებული, წლიური საპროცენტო განაკვეთით მიღებული სარგებელი კი 11.15%-ს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა, ოქტომბერში კი ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. 

თუკი საპროცენტო განაკვეთით მიღებული სარგებელი ვერ გადააჭარბებს ინფლაციის მაჩვენებელს, მაშინ საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელში აქტივების 100% ლარშია დენომინირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტის კურსის მერყეობა, კერძოდ, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნეგატიურად აისახება სააგენტოს წლიურ ამონაგებზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა და მას მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორებიცაა: ვენესუელა, სუდანი, სურინამე იემენი და ზიმბაბვე. 

შეგახსენებთ, რომ მაღალი ინფლაციის დონე ნეგატიური ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს. 

ინფლაციის ზრდის შედეგად გაძვირებულ პროდუქტებს შორისაა: ზეთი (40%), ბოსტნეული (38%), რძე, ყველი და კვერცხი (17%), ტკბილეული (16%) და პური (13%). 

IMF-ის ვარაუდით, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს და 2021 წლის ბოლოს 13.1%-იან ნიშნულს მიაღწევს. 

კომენტარები