საქართველოს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თქმით, თუკი ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციის დონე შენარჩუნდება, საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება.
"კონტრაქტების ნაწილის მიხედვით, რომლებიც ბანკებთან არის დადებული, საპენსიო ფონდის სარგებელი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. მას კი ზრდიან როდესაც ინფლაციას ებრძვიან, მაგრამ ინფლაცია ბევრად მეტად გაიზარდა.
მართალია, 2019 წლიდან ინფლაცია დაბალი იყო და საპენსიო სააგენტოს ამონაგები მაღალი გამოდიოდა, მაგრამ ბოლო კვარტალში მინუსში იყვნენ. თუ ასეთი ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდა, საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება". – ამბობს სურგულაძე.
ოქტომბრის მდგომარეობით, საპენსიო სისტემაში 1 166 737 მოქალაქე მონაწილეობს და მათ მიერ მიღებული ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო ფონდში ირიცხება.
საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობა ამჟამად 1.8 მილიარდ ლარს აღწევს. აქტივები რვა კომერციულ ბანკშია განთავსებული, წლიური საპროცენტო განაკვეთით მიღებული სარგებელი კი 11.15%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა, სექტემბერში კი ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა.
თუკი საპროცენტო განაკვეთით მიღებული სარგებელი ვერ გადააჭარბებს ინფლაციის მაჩვენებელს, მაშინ საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელში აქტივების 100% ლარშია დენომინირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტის კურსის მერყეობა, კერძოდ, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ნეგატიურად აისახება სააგენტოს წლიურ ამონაგებზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა და მას მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორებიცაა: ვენესუელა, სუდანი, სურინამე იემენი და ზიმბაბვე.
შეგახსენებთ, რომ მაღალი ინფლაციის დონე ნეგატიური ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის ზრდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას გულისხმობს.
ინფლაციის ზრდის შედეგად გაძვირებულ პროდუქტებს შორისაა: ზეთი (40%), ბოსტნეული (38%), რძე, ყველი და კვერცხი (17%), ტკბილეული (16%) და პური (13%).
IMF-ის ვარაუდით, საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს და 2021 წლის ბოლოს 13.1%-იან ნიშნულს მიაღწევს.