ავღანეთი

ТАСС: თალიბები რუს კინემატოგრაფებთან თანამშრომლობას გეგმავენ

კინოკომპანია ავღან ფილმის დირექტორი, ჯავიდ ავღანი
ТАСС

რუსული სამთავრობო მედიის, ТАСС-ის ცნობით, თალიბანის წარმომადგენლები კინემატოგრაფიის დარგში რუსეთთან თანამშრომლობას იმედოვნებენ. ამის შესახებ ТАСС-თან ისაუბრა სახელმწიფო კინოკომპანიის, ავღან ფილმის თალიბანის მიერ დანიშნულმა დირექტორმა, ჯავიდ ავღანიმ.

"ჩვენ ავღან ფილმის მუშაობის გაფართოებასა და ახალი სპეციალისტების მოზიდვას ვგეგმავთ. იგეგმება განყოფილებების რეორგანიზაცია და აპარატურის ნაკლებობის პრობლემის მოგვარება. ამ საკითხში გვაქვს რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის იმედი", – თქვა რუსულ მედიასთან ჯავიდ ავღანიმ. 

"აუცილებელია ვაჩვენოთ იმის ჭეშმარიტი სურათი, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში დასავლეთის სამხედროების ყოფნის დროს. ჩვენ ძალადობის, უდანაშაულო ხალხის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიკვდილის მომსწრეები ვიყავით", – ამბობს კინოსტუდიის თალიბი დირექტორი საკუთარ მთავარ მიზნებთან დაკავშირებით.

ავღან ფილმი 1968 წელს დაარსებული კინოკომპანიაა, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით 1980-იან წლებში გამოირჩეოდა. კომპანიის დირექტორად ორი კვირის წინ დანიშნულმა ჯავიდ ავღანიმ ჩაანაცვლა საჰრუ კარიმი, ერთადერთი ქალი ავღანეთში, რომელსაც კინოს წარმოების სფეროში დოქტორის ხარისხი ჰქონდა. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქაბულის დაცემის შემდეგ, წინააღმდეგობა დაიწყო პანჯშირის პროვინციაში. აქ დაარსდა ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი, რომელსაც აჰმად მასუდი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ამრულაჰ სალეჰი უძრვებიან. მას შემდეგ, რაც თალიბანმა პანჯშირის ხეობაზე შეტევა დაიწყო, მოწინააღმდეგეებმა დიდი ტერიტორიები დაკარგეს. თალიბანი აცხადებს, რომ ხეობაზე კონტროლი მოიპოვეს.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები