მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მეუფე მელქისედეკი რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა.

"მოვედი, რომ ვინახულო საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, ვნახო მისი მდგომარეობა, გავესაუბრო. ძალიან დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება მე მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი და გავაჟღერე იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგებისა მთელი ერისა. ერთმანეთთან დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებს, ეკლესიას, შუამავლობის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს და როგორმე გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რომელიც ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაშია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შერიგებისკენ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია". – თქვა მეუფე მელქისედეკმა სააკაშვილთან შეხვედრამდე. 

13 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მივიდა კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც.

11 ოქტომბერს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა და მეუფე მელქისედეკმა ხელი მოაწერეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის პეტიციასაც.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-15 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება.

14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები