მიხეილ სააკაშვილის დაკავება

წითლიძე: ზუგდიდიდან წამოსულ კოლონას გზა გადაუკეტეს, 40 ადამიანია, იგინებიან, ცოცხები აქვთ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ანა წითლიძე წერს, რომ ზუგდიდიდან თბილისში მომავალ ენმ-ის მხარდამჭერებს სამტრედიასთან გზა გადაუკეტეს. 

"სამტრედიის ხიდთან აქვთ გზა გადაკეტილი. არიან საკრებულოს წევრი, თაზო ფაცაცია, ასევე, საკრებულოს წევრი ედიტა კოდუა, ზაზა პროკოპენკო. 40 ადამიანი იქნება, იგინებიან, ცოცხები აქვთ. პოლიცია დგას, მაგრამ ვერ შვრება ვერაფერს". - ამბობს ანა წითლიძე. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  

დღეს, 14 ოქტომბრეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავს. აქციას მხარდამჭერები ზუგდიდიდანაც უერთდებიან.  

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის.  

ევროპარლამენტარის, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით კი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სააკაშვილისთვის მუხლების დამატებაზე ცხადყოფს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური მოტივებით ხდება და, მისივე სიტყვებით, პოლიტიკურ სამართალს ის ქვეყნები იყენებენ, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ამბობს, რომ სააკაშვილის საქმის გამო საქართველოს კარგი იმიჯი არ შეექმნება და, მისივე შეფასებით, სიტუაცია "გულდასაწყვეტია". კრამერს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულად ეჩვენება და ამბობს, რომ მას უკრაინაში დაბრუნების უფლება უნდა მისცენ.

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კი ამბობს, რომ შესაძლოა, სააკაშვილზე მათი გადაწყვეტილება მხოლოდ ექსტრადაცია არ იყოს.

  

კომენტარები