მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ადვოკატი ჯანდაცვის სამინისტროს ექიმებზე: სააკაშვილი არ ამბობს უარს, პირიქით, თანახმაა

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უარს არ ამბობს და თანახმაა, რომ მისი ჯანმრთელობა რუსთავის ციხის ექიმებმა შეამოწმონ. გელხაური ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის ციხეში შეშვება.

"ძალიან  მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი და ამის უფლებას არ აძლევენ. სპეკულაციები ის უფროა, როცა რაღაც ექიმების გუნდზე ვსაუბრობთ, როცა მის პირად ექიმს არ ეძლევა საშუალება, შევიდეს და მოინახულოს მოშიმშილე ადამიანი. არ ამბობს უარს, სპეკულაციები რომ თავიდან ავირიდოთ, პირიქით, არ ამბობს უარს. თანახმაა, მაგრამ მნიშვნელოვანიაა მისი პირადი ექიმის ვიზიტი მასთან. კიბეებზე უწევს სიარული და აქტიური მოძრაობები უჭირს". - ამბობს გელხაური.

იუსტიციის სამინისტროს გუშნდელი განცხადებით, მათ თხოვნით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიკოსების ჯგუფის მიზანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა იქნება.

პროტესტის ნიშნად მიხეილ სააკაშვილი მე-13 დღეა შიმშილობს.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები