მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბოკერია: გაკვირვებული ვარ, ლომჯარიამ ბუნდოვანი პასუხი გასცა სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე

ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

"სამწუხაროდ, გაკვირვებული ვიყავი, რომ მან რაღაც ბუნდოვანი პასუხი გასცა, როცა კითხვა დაუსვეს სააკაშვილის პოლიტიკური მოტივით დევნაზე და მის პოლიტპატიმრობაზე" – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებას, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომ "ასეთი ტერმინებით სახალხო დამცველს არ უსაუბრია".

"ძალიან გამიკვირდა. არ თქვა და მგონი, აქ ძალიან აშკარა ვითარებაა, რომ თუ ვინმეს კითხვის ნიშანი ჰქონდა, ფორმალურად, არა პოლიტიკური სიმპათიით ან ანტიპათიით, არამედ სუფთა საერთაშორისო დადგენილი სტანდარტით, კრიტერიუმებით, უნდა ჩავთვალოთ თუ არა ეს დევნა და ეს შემთხვევა სააკაშვილის პოლიტიკური მოტივებით დევნად. ამაზე პასუხი კიდევ ერთხელ ღარიბაშვილმა გასცა – საჯაროდ თქვა, რომ პოლიტიკიდან თუ წავიდოდა, არ დავიჭერდითო. იქ დააყოლა მეორე სამარცხვინო ამბავიც, რომ ცუდად თუ მოიქცევა, მუხლებს დავუმატებთო. პოლიტიკური შინაარსის დევნისა და პოლიტპატიმრობის ერთ-ერთი ტესტი არის თუ მოტივი აშკარად არის პოლიტიკური და არა მართლმსაჯულების. [...] სახალხო დამცველს ამ განცხადებების შეფასება არ უნდა უჭირდეს, რბილად რომ ვთქვა, იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ჭირი ავტორიტარული რეჟიმების, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, საიდანაც ჩვენ ვერ გავაღწიეთ კი არა – ივანიშვილის რეჟიმი კიდევ ჭაობში გვაფლობს". – თქვა ბოკერიამ TV პირველის ეთერში. 

ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, უპასუხა, რომ სახალხო დამცველი ამგვარი ტერმინებით არ საუბრობს და ასეთ შეფასებებს პოლიტიკური ორგანოები აკეთებენ.

"რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრობას, ეს ფასდება კომპლექსურად, ბევრი გარემოების გათვალისწინებით და, როგორც წესი, ამ ტიპის შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკური ორგანოები, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც. პოლიტიკური ტიპის ცნება და კონცეფციაა პოლიტიკური პატიმრობა.

ასეთი ტერმინებით სახალხო დამცველს არ უსაუბრია. სახალხო დამცველი საუბრობს პირის მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რაც სხვა პოლიტიკური მოვლენების თუ მართლმსაჯულების პრობლემების კონტექსტის და განცხადებების გათვალისწინებით, შესაძლებელია, პოლიტიკური პირებისა და ორგანოებისთვის გახდეს მსგავსი შეფასების გაკეთების საფუძველი. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას ჩვენი მანდატის ფარგლებში და ვსაუბრობთ იმ ტერმინებით და ფრაზეოლოგიით, რაც შეგვიძლია". – თქვა ნინო ლომჯარიამ.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განმარტებით, პიროვნება, რომელსაც ჩამორთმეული აქვს თავისუფლება, პოლიტიკურ პატიმრად ითვლება თუ:

  • დაკავება გადაწყვეტილი იქნა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციისა და მისი პროტოკოლების (ECHR) ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიების დარღვევით, კერძოდ, თავისუფალი აზროვნების, მორალისა და რელიგიის, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევით;
  • თუ დაკავება გადაწყვეტილ იქნა წმინდად პოლიტიკური მიზეზების გამო, რაიმე დანაშაულთან კავშირის გარეშე;
  • თუ პოლიტიკური მოტივებით, დაკავების ხანგრძლივობა ან პირობები ცხადად არაა იმის პროპორციული, რაშიც პირი დამნაშავე ან ეჭვმიტანილია;
  • თუ პოლიტიკური მიზნებით, ის, სხვა პირებთან შედარებით, დისკრიმინაციული გზით არის დაკავებული;
  • თუ დაკავება აშკარად უსამართლო და მთავრობის პოლიტიკურ მიზნებთან კავშირში მყოფი სამართალწარმოების შედეგია.

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომპოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსიც – მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ – "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები