ბათუმი

ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია, მის პალატაში გადაყვანას გეგმავენ

შსს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკა მედცენტრის დირექტორის, მედეა ქაჯაიას ცნობით, "გვაქვს დადებითი დინამიკა, მეტად აქტიურია, ადეკვატურია, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ყველა ნორმაშია მოსული". მისივე ინფორმაციით, უკვე პაციენტთან ძირითადად ქირურგები და ნევროლოგები მუშაობენ.

"თუ სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა, ვგეგმავთ, ხვალ გადავიყვანოთ განყოფილებაში, მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მკურნალობა იქნება ხანგრძლივი, იმიტომ, რომ ცვლილებებს, რომელიც კიდურშია, ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდება, დანარჩენი დროის ფაქტორია" - ამბობს კლინიკის დირექტორი.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცი კი - გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. მათ პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები