ბათუმი

გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

მთავრობის განკარგულებით, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები