ბათუმი

შვედეთის საელჩო ბათუმზე: ძალიან ვწუხვართ და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს

შსს

საქართველოში შვედეთის საელჩო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ძალიან ვწუხვართ და თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები, პირველ რიგში, მათთანა, იმ ოჯახებთან, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. ვიმედოვნებთ, რომ დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან და ვუსურვებთ გამძლეობას მამაც მაშველებს მიმდინარე საქმიანობაში". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 8 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 9 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები