ბათუმი

ომბუდსმენი ბათუმზე: მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია FACEBOOK-ზე ეხმაურება.

ობუდსმენი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლითა ოჯახებს.  ლომჯარიას ეფექტური და დროული გამოძიების იმედი აქვს. 

"ბათუმში მომხდარმა საზარელმა ფაქტმა ცხადყო რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება, უკანონო მშენებლობების აღმოფხვრა და ზედამხედველობა, ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

ჯერ-ჯერობით უცნობია ამ დიდი ტრაგედიის მიზეზები, რომელიც შესაძლოა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დაუდევრობას გამოეწვია. სწორედ ამიტომ, თითოეული მოქალაქის ვალია სიფრთხილე გამოიჩინოს და არ იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რაც რისკის ქვეშ დააყენებს მასაც და გარშემო მყოფებსაც.

იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად წარიმართება.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულ პირებს გამოჯანმრთელებას და გამძლეობას ვუსურვებ!

აქვე მინდა მადლობა გადავუხდო მაშველებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად - თქვენ გმირულ საქმეს აკეთებთ!".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 8 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 9 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები