ბათუმი

SJC: ბათუმის ტრაგედია სამშენებლო პოლიტიკის რადიკალური ცვლილების წინაპირობა უნდა გახდეს

შსს

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევას ეხმაურება, დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და აცხადებს, რომ ეს მოვლენა სამშენებლო პოლიტიკის რადიკალური ცვლილების წინაპირობა უნდა გახდეს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამშენებლო სანებართვო პირობების შეთანხმებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილებების არაჯეროვნად შესრულება სისტემური პრობლემაა.

"ჩვენი დაკვირვებითა და გამოცდილებით, არაერთ შემთხვევაში, იკვეთება სამშენებლო ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან ლოიალური დამოკიდებულება დეველოპერებისადმი და არათანმიმდევრული მიდგომა სამშენებლო პირობების მოთხოვნებთან და მათ შესრულებასთან დაკავშირებით. მასობრივი სახე აქვს მანკიერ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო ნებართვები არასათანადო საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების საფუძველზე გაიცემა. მათ შორის ყველაზე მწვავეა გეოლოგიური დასკვნების ხარისხის არასათანადოობა და სიზუსტეც". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოები სუსტი და არაქმედითია როგორც მუნიციპალურ, ისე ეროვნულ დონეებზე. მათივე ცნობით, რიგ შემთხვევებში მონიტორინგის სამსახურები კანონის მოთხოვნებს უგულებელყოფენ, იყენებენ შემოწმების არასათანადო სტანდარტს და იშვიათად რეაგირებენ დარღვევებზე.

"ცალკე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს სამშენებლო მასალების და მშენებლობის ხარისხისა და მდგრადობის კონტროლის მექანიზმებს, რაც შესაძლოა მომავალში არაერთი უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს. პირველ ეტაპზე სამშენებლო სფეროს დერეგულირება საერთო ნეოლიბერალური განვითარების დღის წესრიგისთვის სიმპტომურ ფენომენად ფასდებოდა საქართველოში. თუმცა, დღეს ჯერ კიდევ არსებული მწირი რეგულაციების შეუსრულებლობა და მათზე არაჯეროვანი სახელმწიფო მონიტორინგი, სახელმწიფო უწყებების სისუსტესა და შესაძლო კორუფციის შემთხვევებსაც ააშკარავებს". – ნათქვამია განცხადებაში.

SJC მიიჩნევს, რომ სახელმწიფოში სამშენებლო მარეგულირებელი ფუნქციების დასუსტება და გაქრობა ბათუმის მსგავსი საყოველთაო ტრაგედიებისგან დაზღვევის მცირე შესაძლებლობებს ტოვებს. მათივე მოსაზრებით, დერეგულაციასთან ერთად აღმოცენებული კორუფცია და სახელმწიფო უწყებების სისუსტე რომ არცერთ ეკონომიკურ კლასსა და არანაირი მასშტაბის პროექტს არ იცავს, დაადასტურა ბათუმში 2018 წელს მომხდარმა "ლეო გრანდის" ტრაგედიამაც, როდესაც ხანძარმა 12 ადამიანი იმსხვერპლა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.


ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 8 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 9 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები