ბათუმი

კალაძე: თბილისობისთვის გამოყოფილი თანხა ბათუმში დაზარალებულთა ოჯახებს გადაერიცხებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, თბილისობის ღონისძიება გაუქმდება, მისთვის გამოყოფილი თანხა კი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხება.

"ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი.

დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში". – წერს კალაძე.

ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 8 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 9 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები