მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ადვოკატი: მზად ვართ, ნარკოტესტი ჩავაბაროთ – ღარიბაშვილმა კანცელარიაში გაიკეთოს

unian.net

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია მასთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ სააკაშვილი მზადაა, ნებისმიერ ნარკოტიკზე ჩაიტაროს ტესტი. მისივე სიტყვებით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან "ჩელენჯი" ექნებათ და მოუწოდებენ, ნარკოტესტი მანაც გაიკეთოს.  

"მიხეილ სააკაშვილი არის მხნედ და ბრძოლისთვის განწყობილი. მე მინდა, მივმართო სრულიად ქართულ საზოგადოებას - არ აყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა მონაჭორებს. ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი - დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკით. ამისთვის მზად ვართ.

ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება ჩელენჯი. მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით ჩააბაროს ტესტი ამის შემდეგ ეს ენაჭარტალა კაცუნა რას ილაპარაკებს, მოვისმენთ". - ამბობს ბექა ბასილაია.  

6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა სააკაშვილის ჩამოსვლას ვრცელი წერილი მიუძღვნა: 

"ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი". - წერს ღარიბაშვილი.  


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები