მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სახდეპი სააკაშვილის დაკავებაზე: მოვლენების განვითარებას ახლოდან ვაკვირდებით

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ის ახლოდან აკვირდება საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ამბავს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს შესაბამისი პირობები თანასწორობის პრინციპით სარგებლობისათვის. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ამერიკის ხმა ავრცელებს.

"ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოდან ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს შესაბამისი პირობები, რათა ისარგებლოს ბატონმა სააკაშვილმა თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განუცხადა დეპარტამენტმა ამერიკის ხმას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების ცნობით, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს 3 ოქტომბერს თბილისში შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ის ერთ-ერთ კოლონაში იქნება. 

შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას. მისი ბრიფინგი 21:00 საათზეა ჩანიშნული

განცხადება არ გაუკეთებია არც ოფიციალურ კიევს, თუმცა, უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, მარია ბარაბაშის თქმით, 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილი ოფისის წამყვან მენეჯერებს დაემშვიდობა. ბარაბაშმა TV პალიტრას უთხრა, რომ სააკაშვილმა თანამშრომლებს საქართველოში გამგზავრების გადაწყვეტილება გააცნო.

კომენტარები