არჩევნები 2021

ტიკარაძე: ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება კატეგორიულად მიუღებელია

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის ბანერების ძალადობრივი ბანერებით ჩანაცვლება კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, სიძულვილის ენისთ საუბარი დაუშვებელია და ადამიანებმა დიალოგის გამართვა უნდა შეძლონ.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ საზოგადოებაში სიძულვილის ენა უნდა იყოს მიუღებელი, თუ ეს უკვე არ არის მიუღებელი. მე ვთვლი, რომ იმ საუკუნეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ეს ნამდვილად არის საკომუნიკაციო საუკუნე, ნამდვილად მიუღებელია მსგავსი ენა. ადამიანებმა უნდა შევძლოთ ერთმანეთში ადეკვატური დიალოგის გამართვა. მით უმეტეს, ამ პირობებში, როდესაც ვაქცინაცია არის არამხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს პრიორიტეტი. ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია".- ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მან დეტალები არ იცის, თუ ვისი დავალებით განათავსეს ბანერები. 

"რაც შეეხება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა, თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები და კომპანია ალმასგანაც იყო სატელევიზიო კომენტარი, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების  დაკვეთა. მე მეტი დეტალი არ მაქვს. თუმცა, ალმასგან უფრო გონივრული იქნებოდა, დაინტერესებულიყო იმით, თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლება ხდება მათი კომპანიის მხრიდან. ეს არის რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, როდესაც ის ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის შემცველი ბანერით".- ამბობს ტიკარაძე. 


17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!" ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები აცრისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა.

18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება.  20 სექტემბერს კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაბრუნების მოთხოვნით ოფიციალური წერილობით მიმართა.

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ცესკოს საჩივრით მიმართა პოლიტიკურმა მოძრაობამაც – დროა.

21 სექტემბერს კომპანია ალმამ NCDC-ის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს უპასუხა და განაცხადა, რომ  ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები უსასყიდლოდ აქვთ განთავსებული. კომპანიის მტკიცებით, მათ მხოლოდ სამი ბანერი ჩაანაცვლეს და სანაცვლოდ, სხვა ადგილი გამოყვეს. ალმას განცხადებითვე, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სარეკლამო კონსტრუქციების დაქირავების საფასურს და ეხებოდა მხოლოდ ბანერების (სარეკლამო ვიზუალის) დაბეჭდვას და სამონტაჟო სამუშაოებს.

კომენტარები