არჩევნები 2021

ალმა NCDC-ს: ვაქცინაციის ბანერები უფასოდ გვაქვს გაკრული, კამპანიის გაგრძელება არც გითხოვიათ

კომპანია ალმა NCDC-ის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ  ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები უსასყიდლოდ აქვთ განთავსებული. კომპანიის მტკიცებით, მათ მხოლოდ სამი ბანერი ჩაანაცვლეს და სანაცვლოდ, სხვა ადგილი გამოყვეს. ალმას განცხადებითვე, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სარეკლამო კონსტრუქციების დაქირავების საფასურს და ეხებოდა მხოლოდ ბანერების (სარეკლამო ვიზუალის) დაბეჭდვას და სამონტაჟო სამუშაოებს.

"მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სარეკლამო კომპანია ალმამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად, ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გამოყო 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი, რითაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი საზოგადოების ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიის ეფექტიანად განხორციელებას.

მხარდამჭერი აქცია ხორციელდებოდა მიმდინარე წლის 14 აპრილიდან და საწყის ეტაპზე დაგეგმილი იყო 3 თვის ვადით. ალმამ პირნათლად შეასრულა თავისი დანაპირები ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში და მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე სარეკლამო კონსტრუქციებზე სრულად შეინარჩუნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ვიზუალები და სარეკლამო რგოლები. 

ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჩვენთან არ დაუმყარებია არანაირი სახის კომუნიკაცია და ჩვენთვის არ უთხოვნიათ კამპანიის გაგრძელება, ალმამ ისევ უსასყიდლოდ შეინარჩუნა და დღემდე ინარჩუნებს ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით განთავსებულ გარე სარეკლამო ბანერებსა და სარეკლამო რგოლებს მონიტორებზე. 

დამატებით აღვნიშნავთ, რომ მას შემდეგ რაც, რამდენიმე დღის წინ, მოხდა ვაქცინაციის მოწოდების ვიზუალის სულ 3 (სამი) ლოკაციაზე სხვა შინაარსის იმიჯებით ჩანაცვლება, კომპანიამ საკუთარი ინიციატივითვე, უზრუნველყო მათ სანაცვლოდ სხვა ბილბორდების კვლავ უსასყიდლოდ გამოყოფა და სარეკლამო მონიტორებზე/ეკრანებზე ვაქცინაციის მოწოდების ვიდეორგოლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი გაზრდა" - აცხადებს კომპანია და ამტკიცებს, რომ ქვეყანაში 50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია და მონიტორი "სრულიად უსასყიდლოდ" ეთმობა ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიას.

"ელემენტარული ობიექტურობის დაცვის მიზნით განვმარტავთ, რომ საჯაროში სივრცეში გავრცელებული 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო ალმასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის, ეხებოდა მხოლოდ ბანერების (სარეკლამო ვიზუალის) დაბეჭდვას და მათ ბილბორდებზე გაკვრას (სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას) და არ ითვალისწინებდა სარეკლამო კონსტრუქციების დაქირავების საფასურს (იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ზემოთაც ითქვა, სარეკლამო კონსტრუქციები კომპანია ალმამ გამოყო სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე და ანაზღაურება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბანერების დაბეჭვდასა და მათ ტექნიკურად გაკვრაში. 

აქვე განვმარტავთ, რომ 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ალმამ ჯერ კიდევ 2021 წლის 20 აპრილისთვის სრულად შეასრულა, რასაც ადასტურებს კიდეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი.

რაც შეეხება ხელშეკრულების 18.2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულების მოქმედების ვადას, იგი ეხებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფლებას, დადგენილი ვადის განმავლობაში (ანუ ამა წლის 31 დეკემბრამდე) მოეთხოვა სარეკლამო ვიზუალის დაბეჭდვა და მისი გაკვრა სარეკლამო კონსტრუქციებზე/სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება, და როგორც ზემოთაც ითქვა, ეს ვალდებულება ჩვენმა კომპანიამ დაუყოვნებლივ, ჯერ კიდევ 2021 წლის 20 აპრილისთვის შეასრულა. სამწუხაროა, რომ ალმას მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ვაქცინაციის მხარდამჭერი აქცია პოზიტიური შეფასების ნაცვლად კომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმების საფუძველი გახდა. 

აბსოლუტურად გულწრფელად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბ-ნ ამირან გამყრელიძეს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი დაუმსახურებლად და არაობიექტურად მოექცე ვინმეს. დარწმუნებული ვართ, უფრო მეტი დროის დათმობისა და საქმის დეტალებში გარკვევის შემთხვევაში ისინი ამ ტიპის განცხადებას არ გააკეთებდნენ. 

ასევე, გვინდა ვთხოვოთ და მოვუწოდოთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოთ ბიზნესზე უსაფუძვლო, არაობიექტური შეტევებისა და თავდასხმებისგან, რამეთუ ჩვენს ქვეყანას ააშენებს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ეკონომიკა და ძლიერ ეკონომიკას კი ქმნის კერძო ბიზნესი. ძლიერი ეკონომიკა არის საზოგადოების კეთილდღეობის გარანტი, სიღარიბისა და გაჭირვების დაძლევის ერთადერთი, უალტერნატივო გზა და ამ პრობლემების გადაჭრაზე ფიქრი თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულება უნდა იყოს. 

და ბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც იწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ სარეკლამო ბანერების შინაარსი და ვიზუალიზაცია, რამაც საზოგადოების ნაწილის ობიექტური გაღიზიანება გამოიწვია" - აცხადებს სარეკლამო კომპანია.


17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!". ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები აცრისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა.

18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება.  20 სექტემბერს კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაბრუნების მოთხოვნით ოფიციალური წერილობით მიმართა.

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ცესკოს საჩივრით მიმართა პოლიტიკურმა მოძრაობამაც - დროა.

 

კომენტარები