ავღანეთი

თალიბანის ერთ-ერთი გამგებელი დასავლეთს: ფულით დაბრუნდით და არა იარაღით

ჰელმანდის პროვინციის გამგებელი, თალიბ მავლავი
The Guardian

ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა შეძლო და ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციის თალიბ გამგებელს, თალიბ მავლავის ინტერვიუ ჩამოართვა. მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით ბრძოლის დრო დასრულებულია, ის ჟურნალისტებს მაგიდაზე დადებული ავტომატით დახვდა.

მან ბრიტანელებსა და NATO-ს წევრებს მიმართა: "აღიარეთ თალიბანი, როგორც ავღანეთის ლეგიტიმური მმართველები და შემდეგ დაბრუნდით, მაგრამ ფულით და არა იარაღით".

"ჩვენ ბრძოლაში ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, ერთმანეთის ნორმალურ დროში გაცნობა ვერ შევძელით. ახლა შეგიძლიათ ჩვენი გული მოიგოთ და ამ მთავრობის აღიარებით გაგვახაროთ", – ამბობს თალიბ მავლავი The Guardian-თან. 

მას შემდეგ, რაც თალიბანმა დაიკავა ჰელმანდის დედაქალაქი, ლაშქარ გარი, პროვინციაში ორი ათწლეულის შემდეგ ბრძოლები შეწყდა. ამ პროვინციაში დაიღუპა 457 ბრიტანელი სამხედრო, ავღანეთის სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მეტი. 

ისევე, როგორც მთელი ავღანეთი, ჰელმანდის პროვინციაც ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა.

"ყველა უცხო ქვეყანა შემოიჭრა, ხოცავდნენ ჩვენს ქალებსა და ბავშვებს, ჩვენს ხალხს და ანადგურებდნენ ყველაფერს. ახლა საერთაშორისო საზოგადოება უნდა დაგვეხმაროს ჰუმანიტარული კრიზისის გამო და უნდა იყოს ფოკუსირებული განათლების, ბიზნესისა და ვაჭრობის განვითარებაზე. საერთაშორისო საზოგადოება ეხმარება იმ ქვეყნებს, რომელთაც მოქალაქეების მხარდაჭერა აქვთ. ჩვენ მოვიტანეთ უსაფრთხოება და ჩვენ გვაქვს ჩვენი ხალხის მხარდაჭერა, ამიტომაც უნდა დაგვეხმარონ და ჩვენი მთავრობა აღიარონ", – ამბობს ჰელმ ანდის გამგებელი.

მუშახელი ავღანეთში ამჟამად ხელფასებს ვერ იღებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვის ხელშიც ფული იყო, ქვეყანა დატოვეს, ან მათი პროექტები შეჩერებულია. რესტორნები ფაქტობრივად ცარიელია და მაღაზიები რთულად მუშაობს. 

თალიბ მავლავის თქმით, ქალთა განათლებისა და მუშაობის უფლებებთან დაკავშირებით მთავრობაში საუბრები მიმდინარეობს და ყველა გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს.

მავლავი ბოლო 20 წელი ცდილობდა ჰელმანდზე გავლენის მოპოვებას. თალიბანი დადანაშაულებული იყო ამ პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნედ ქცევაში. 

თალიბ მავლავი აღიარებს, რომ რამდენიმე თვის წინ, სანამ აშშ-ს ფინანსებით აშენებულ გამგებლის ოფისს დაიკავებდა, ბრიტანელ ჟურნალისტს რომ შეხვედროდა, სიტუაცია სხვაგვარად წარიმართებოდა.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები