შანაე ბრუკის მკვლელობა

ბოკერია: თუ პოლიციამ წინაზე ხელი დააფარა, ეს დანაშაული ივანიშვილის პოლიტიკასთან კავშირშია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ფაქტსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შანაე ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი ქართული ოცნების აქტიური წევრი იყო.

გიგა ბოკერიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა უტყუარი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა დადასტურდეს ამ პირის ბრალეულობა და ამავდროულად, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რა რეპუტაციისაც არ უნდა იყოს ის, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება, აღმოაჩნდეს აქტივისტი, მხარდამჭერი ან ძალიან აქტიური წევრი, რომელიც საზარელ დანაშაულს ჩაიდენს, ან მიდრეკილი აღმოჩნდება ძალადობისკენ, რაზეც ეს პოლიტიკური ძალა ავტომატურად პასუხს არ აგებს. 

"თუმცა, თუ ამ პირის ბრალეულობა დადასტურდა უტყუარი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა და თუ დადასტურდა ის ამბავი, რაც ასევე გუშინ გახდა ცნობილი საზოგადოებისთის, რომ ამ პირთან დაკავშირებით არსებობდა საფუძვლიანი საჩივარი ძალადობასთან დაკავშირებით, თან ძალიან საშიში ფორმით ძალადობასთან დაკავშირებით და ეს საჩივარი უგულებელყო პოლიციამ, იძულებული იყო, უგულებელყო, რადგან მას კავშირი ჰქონდა მმართველ გუნდთან, აი, მაშინ კი ეს შემზარავი დანაშაული პირდაპირკავშირშია ივანიშვილის პოლიტიკასთან". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გულისხმობს Facebook-მომხმარებლის, ანი გაგუას პოსტს, სადაც ის ყვება, რომ შსს-ს მიერ გავრცელებულ დაკავების კადრებში მისმა მეგობარმა ამოიცნო რაფაელ მურსაკულოვი, როგორც პირი, რომელიც მას თავს დაესხა. ანი გაგუას ცნობით, მისი მეგობრის საჩივარი პოლიციამ "თაროზე შემოდო". ტაბულა ამ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, შანაე ბრუკის მკვლელობის საქმე პირდაპირ იქნება დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკასთან, რადგან ქვეყანაში მსგავსი კლიმატის შექმნა, სადაც პოლიცია დანაშაულს იმის გამო არ იძიებს, რომ სავარაუდო დამნაშავე მმართველ გუნდთან აფილირებული მოქალაქეა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. 

"იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ვერავინ პირდაპირ ვერ განჭვრეტს, თუნდაც ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანი შემდეგ კიდევ უფრო საზარელ დანაშაულს ჩაიდენს, თუ არა, მაგრამ თუ ქვეყანაში არის პოლიტიკური კლიმატი, რომელშიც ისეთ დანაშაულში მხილებული პირი, რაც გუშინ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ასეთ პირს ხელი დააფარა პოლიციამ, იმიტომ, რომ ასეთია პოლიტიკური დაკვეთა და ასეთი დანაშაულებების იგნორირება ხდება მაშინაც კი, როცა ჩვენებები არსებობს, ეს იქნება შემზარავი მაგალითი იმ შედეგებისა, რაც ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ ისედაც მოგვიტანა სხვა მხრივ". – ამბობს გიგა ბოკერია. 


შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავეს. მურსაკულოვი თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. გამოძიების ფარგლებში მისი სახლიდან ტანსაცმელი და სხვა ნივთები ამოიღეს. 

33 წლის ბრალ­დე­ბუ­ლს Facebook გვერდზე  სა­მუ­შაო ად­გი­ლად ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი - ის მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, თუმცა, 23 აგვისტოს, შემთხვევიდან 3 კვირის შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვა გათავისუფლება. ქართულ ოცნებასთან კავშირს მის Facebook გვერდზე გავრცელებული ფოტოებიც მოწმობს. ერთ-ერთ ფოტოში ის ქართული ოცნების დეპუტატთან, ირაკლი ზარქუასთან ერთად იმყოფება. ამასთან დაკავშირებით ზარქუა ამბობს, რომ არაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას და დამნაშავე კანონმდებლობით გასამართლდება.  ამჟამად, ბრალდებულის გვერდი Facebook-ზე აღარ იძებნება.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა, მის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა.  ის წერდა, რომ შანაი ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა. ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. 

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს

კომენტარები