შანაი ბრუკის მკვლელობა

რა ვიცით შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვზე

დღეს, 8 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში მოკლული ავსტრალიელი შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დააკავა. 

მურსაკულოვი თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. გამოძიების ფარგლებში მისი სახლიდან ტანსაცმელი და სხვა ნივთები ამოიღეს. 

33 წლის ბრალ­დე­ბუ­ლს Facebook გვერდზე  სა­მუ­შაო ად­გი­ლად ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი.

ის მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, თუმცა, 23 აგვისტოს, შემთხვევიდან 3 კვირის შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვა გათავისუფლება.  ინფორმაცია მთავარ არხს მთაწმინდის საოლქო კომისიის წევრმა, გიორგი ზირაქაშვილმა დაუდასტურა. 

"ეს იყო კონკურსანტი, რომელმაც შემოიტანა საბუთები კონკურსში, როგორც ყველა იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ის აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, რაც არის საკონკურსო განაცხადის და ეს ადამიანი საოლქო საარჩევნო კომისიამ აირჩია. არჩევიდან მალევე დაწერა განცხადება, რომ თუ არ ვცდები, ოჯახური მიზეზით გაგვეთავისუფლებინა კომისიის წევრობიდან". - ამბობს ზირაქაშვილი. 

ქართულ ოცნებასთან კავშირს მის Facebook გვერდზე გავრცელებული ფოტოებიც მოწმობს. ერთ-ერთ ფოტოში ის ქართული ოცნების დეპუტატთან, ირაკლი ზარქუასთან ერთად იმყოფება. ამასთან დაკავშირებით ზარქუა ამბობს, რომ არაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას და დამნაშავე კანონმდებლობით გასამართლდება. 

"არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას, არ აქვს მნიშვნელობა სტატუსს, დანაშაულის ჩამდენი არის დამნაშავე და ის საქართველოს კანონმდებლობით უნდა გასამართლდეს. მორჩა, ეს არის ჩემი პოზიცია. სულ რომ საკუთარი ძმაკაცი იყოს, ამას გეტყვით". - ამბობს ზარქუა მთავარ არხთან, სატელეფონო საუბრისას. 

მურსაკულოვი Facebook-ზე აქტიურად აზიარებდა ქართული ოცნების მხარდამჭერ პოსტებს. მას 15 აგვისტოს ასევე გაზიარებული აქვს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ფოტო წარწერით: "მსოფლიო ლიდერი". 

ამჟამად, ბრალდებულის გვერდი Facebook-ზე აღარ იძებნება.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა, მის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა.  ის წერდა, რომ შანაი ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა. ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. 

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს

კომენტარები