საკონსტიტუციო ცვლილებები

ბოკერია: ოცნების არშესრულებული ვალდებულებები უფრო გვაშორებს ევროატლანტიკური სივრციდან

ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

"ქართული ოცნების არ შესრულებული ვალდებულებები კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროატლანტიკური სივრციდან". - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ქართული ოცნების მიერ, საკონსტიტუციო ცვლილებების დღის წესრიგიდან გენერალური პროკურორის არჩევის წესის საკითხის მოხსნას ეხმაურება. 

"მე არ მქონდა ილუზია, რომ რაიმე რეფორმა შესაძლებელი არის ამ რეჟიმის პირობებში, მაგრამ ასე უტიფრად მოქცევა ძალის დემონსტრირებისთვისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დე-ფაქტო ქვეყნის გადაყვანა იმ რელსებზე, რომელსაც მიჰყავხარ პირდაპირ პუტინის რუსეთამდე და ლუკაშენსკოს რეჟიმამდე, ეს არის აშკარა საფრთხე ქვეყნისთვის.

ამიტომ უნდა ვთქვათ ჩვენ ჩვენი სიტყვა ამ არჩევნებზე და ამის შემდეგ უკვე ის ზეწოლა, რომელიც თავისუფალი სამყაროდან მოდის ლეგიტიმურად დაეყრდნობა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატულ ნებას ქართველი ხალხისა, ასეთ წეზოლას უკვე ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს რეჟიმი ვერ გაუძლებს. როდესაც ავტორიტარულ რეჟიმს შთაბეჭდილება რჩება, რომ სუსტის პოზიციიდან ელაპარაკები, ეს ახალისებს მეტ უტიფრობას. ამის მაგალითია, რომ ის მინიმალური მოთხოვნებიც კი რომელიც ჩემი აზრით არასაკმარისი იყო რბილად რომ ვთქვა დოკუმენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ფეხებზე დაიკიდეს". - ამბობს ბოკერია. 


7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში სხვა პუნქტებთან ერთად ასევე უნდა ასახულიყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რაც ევროკავშირის მედიაციით შემდგარი 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია, თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები, შესაბამისად, კანონპროექტის მე-13 პუნქტის კენჭისყრა დღის წესრიგიდან მოიხსნა".

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უარყოფითად შეაფასა გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილების საკონსტიტუციო კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის მესამე წარუმატებლობაა ბოლო ორი თვის განმავლობაში. საქართველოში აშშ-ს საელჩომ კი ფაქტს ქართული ოცნების მიერ გატეხილი კიდევ ერთი პირობა უწოდა.


ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, რომელიც 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა, გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო უნდა ყოფილიყო პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დანიშვნები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

  • პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება;
  • ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან;
  • არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

კომენტარები