საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: პროპორციულის საკითხი დახურული არაა, წინაპირობაა, რომ თუნდაც ბოიკოტი მოხსნან

Irakli Kobakhidze / Facebook

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები პროპორციული არჩევნების შესახებ მმართველი პარტიისთვის დახურული საკითხი არ არის, თუმცა მათი წინაპირობაა, რომ ოპოზიციამ "თუნდაც ბოიკოტი მოხსნას".

"[2019 წელს პროპორციულ სისტემის კანონპროექტი] ჩავარდა, თუ როგორც არის – ჩვენი პასუხისმგებლობა იყო. რაც შეეხება საკონსტიტუციო შეთანხმებას, არავის არაფერზე უთქვამს უარი. ჩვენ გვქონდა განხილვა, როცა ჯერ კიდევ ძალაში იყო 19 აპრილის შეთანხმება. დაინიცირდა კანონპროექტი, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. რაც შეეხება პირველ მოსმენამდე მოლაპარაკებებს, ჩვენ იქ დავაფიქსირეთ ის, თუ რა სახით ეყრებოდა კენჭი პირველი მოსმენისას კანონპროექტს და ვთქვით, რომ აქ იქნებოდა 2% [ბარიერი], იქნებოდა ორჯერადი და დაუყოვნებლივი ამოქმედება. თუმცა იქვე დავაკონკრეტეთ, ეს იყო ის, რაზეც ვთანხმდებოდით პირველი მოსმენისთვის. რაც შეეხება მეორე მოსმენას, იქ, რა თქმა უნდა, მუხლების განხილვა შედგებოდა და კორექტივებს არ გამოვრიცხავდით. მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა, ჩვენ დათქმები ამიტომ დავიტოვეთ, რომ ბევრი რამ დამოკიდებული იქნებოდა პოლიტიკურ მოცემულობაზე მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. 

3 ელემენტისგან შედგება ეს ცვლილებები. არის 2% [ბარიერი], არის ამ 2%-ის ორჯერადობა და მესამე – როდის ამოქმედდება. პროპორციულზე ისედაც გადავდივართ 2%-იანი ბარიერით 2024 წელს. რაც შეეხება პირველს და მეორეს, ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი განხილვა, შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არცერთი საკითხი დახურული არ არის. ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას როგორც 2%-ზე, ასევე ორჯერადობაზე. ანუ ჩვენ არ გვაქვს გართულება არაფერზე. ერთადერთი ლოგიკური წინაპირობა რაც გვაქვს არის, რომ უნდა დავინახოთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს სურთ პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. თუნდაც ბოიკოტი მოხსნან, პირობითად". – თქვა კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ოპოზიციის მიერ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა "მინიმუმამდე იყოს დასული", მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში არჩევნები კვლავ 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.

"იმისათვის, რომ ამ ხალხის [ოპოზიციის] ცდუნება, მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები, მინიმუმამდე იყოს დასული, თუნდაც თეორიული ვარიანტები რომ განვიხილოთ, მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ, რომ თუ პირობითად 2022 ან 2023 წელს, ჩატარდება არჩევნები, ის ჩატარდება 120/30-ზე სისტემით და პარლამენტი იქნება 1-წლიანი ან 2-წლიანი". – თქვა კობახიძემ.

მე-10 მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებასაც ითვალისწინებს, პირველი მოსმენით 7 სექტემბერს მიიღო, თუმცა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შემდეგი მოსმენით ცვლილებების მიღების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს.

19 აპრილის შეთანხმების თანახმად, რომელიც ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა, განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მომავალი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის კი ბარიერი ბუნებრივიდან 2%-მდე იქნება.

კომენტარები