საკონსტიტუციო ცვლილებები

დავითულიანი: თუ საპარლამენტო პარტიები რიგდებიან, საელჩოების პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს

ბექა დავითულიანი
ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი,  ბექა დავითულიანი საკონსტიტუციო ცვლილებების დღის წესრიგიდან გენერალური პროკურორის არჩევის წესის საკითხის მოხსნის შესახებ საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.  მისი თქმით, როცა საპარლამენტო პარტიები საკითზე თანმხდებიან, იმ შემთხვევაში საელჩოების აზრი უმნიშვნელოა. 

"ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი კეთილი ნებით შევასრულებდით რიგ პირობებს, რაც დოკუმენტში წერია და ამ პირობებს ჩვენი კეთილი ნებით ვასრულებთ. ოპოზიციურ პარტიებსაც არსებითი მოთხოვნა გენპროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით არ ჰქონიათ. თუ პოლიტიკური, საპარლამენტო პარტიები რიგდებიან რომ ეს არ არის პირველი ხარისხის მოთხოვნა ცვლილებების და ჯობია იყოს ისე როგორც არის, საელჩოების პოზიცია საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში".- ამბობს დავითულიანი. 

7 სექტემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში სხვა პუნქტებთან ერთად ასევე უნდა ასახულიყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რაც ევროკავშირის მედიაციით შემდგარი 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია, თუმცა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები, შესაბამისად, კანონპროექტის მე-13 პუნქტის კენჭისყრა დღის წესრიგიდან მოიხსნა".

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უარყოფითად შეაფასა გენერალური პროკურორის დანიშვნის წესის ცვლილების საკონსტიტუციო კანონპროექტის დღის წესრიგიდან მოხსნა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნისთვის მესამე წარუმატებლობაა ბოლო ორი თვის განმავლობაში. საქართველოში აშშ-ს საელჩომ კი ფაქტს ქართული ოცნების მიერ გატეხილი კიდევ ერთი პირობა უწოდა.


ევროკავშირის მედიაციით შემდგარი შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, რომელიც 28 ივლისს ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა, გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო უნდა ყოფილიყო პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დანიშვნები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, მომავალი გენერალური პროკურორების არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმის შემდეგნაირ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით:

  • პირველ ორ მცდელობას პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები დასაჭირდება. შემდგომ მცდელობებს ხმების უბრალო უმრავლესობა დასჭირდება;
  • ყოველი მომდევნო კენჭისყრა ჩატარდება არა უადრეს 4 კვირისა წინა კენჭისყრიდან;
  • არჩევის შესაძლო დაბლოკვის საწინააღმდეგო ამ პროცედურის შესაბამისად ჩატარებული ნებისმიერი დანიშვნა (უბრალო უმრავლესობით) უნდა იყოს დროებითი. მისი ვადა ერთი წლით შემოიფარგლება, რომლის განმავლობაშიც დანიშვნის სტანდარტული პროცედურა თავიდან უნდა დაიწყოს.

 

კომენტარები