პოლიტიკური კრიზისი

ხოშტარია: ღარიბაშვილმა EU-ს კარი მიუჯახუნა, ტყუილიც დაადო მარწყვივით – ეკონომიკა დუღსო

"ღარიბაშვილმა ევროკავშირს კარი კიდევ ერთხელ მიუჯახუნა". – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ საქართველო ევროკავშირისგან 75 მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის სესხით სახის მიღებისგან თავს შეიკავებს

"ზოგჯერ მესმის ხოლმე კითხვა ან მოსაზრება, "კაი, რა პრორუსები", რა გინდა აი ევროკავშითან დადიან, დასავლეთში დადიან, რაში მდგომარეობს პრორუსობა? ხოდა აი რაში:

ერთი ხელით რომ დროშა დაწვეს და მეორე ნეკათი აღმართეს. ამაზე ახლა არ გავჩერდები, მიშელის, ანუ ევროკავშირთან შეთანხმება რომ გადახიეს არც ამაზე ეხლა, პარალელურად, ბელარუსთან რომ ‘სახელმწიდო უსაფრთხოებაზე’ ითანამშრომლებენ, ანუ დისიდენტების წამებაზე, ეხლა არც მაგაზე". – წერს ხოშტარია.

ხოშტარია წერს, რომ ევროკავშირის დახმარება არის გზა EU-სა და უკეთესი სახელმწიფოს შექმნისკენ - ამ შემთხვევაში კი ევროკავშირი საქართველოს უპროცენტო, გრძელვადიან, შეღავათიან სესხს აძლევდა, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება დაპირებულ, უპირველესად, მართლმსაჯულების რეფორმას გაატარებდა.

"გამოვიდა ღარიბაშვილი, არ გვინდა ეგ შეთავათი ევროკავშირიდანო, არც ის რეფორმა გვინდაო და ტყულიც დაადო მარწყვივით, ეკონომიკა დუღსო. ანუ არ გიჭირთ, რაღად გვინდა ფული. ამით:

მოქალაქეებს, ვისაც ჩვენ ხომ ვიცით, რომ რეალურად უჭირთ, მოაკლო სიკეთე ამ კონკრეტული ფულის და ყველა პიტენციური დახმარების, რადგან ერთზე უარის თქმა მთლიანად პროცესის შეფერხებაა. ევროკავშირს კიდევ ერთხელ მიუჯახუნა კარი. დემოკრატიას და რეფორმებს კიდევ ერთხელ მიუჯახუნა კარი. აი ასეთი ნაბიჯებით, თითქოს ბევრისთვის შეუმჩნეველით და ეპიზოდურით, რეალურად ვწყდებით ევროკავშირს, დასავლეთს და ეს აბტომატურად ნიშნავს ვუახლოვდებით მოძალადე ოკუპანტ რუსეთს. ასეთია რეალობა, ოღონდ არჩევანი ჩვენ ხელშია!" – წერს ელენე ხოშტარია. 

ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის დახმარების საკითხმა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ, გადაწყვეტილებას "ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით" ხსნის. მისივე მტკიცებით, საქართველოს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც დამატებით შემოსავალს გააჩენს.  

გუშინ, 30 აგვისტოს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარია აკუმულირებული და EU-ს €75 მილიონს დატვირთვა არ აქვს. 


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია.

"პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რეფორმები საჭიროა. მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია". – დაწერა შარლ მიშელი Twitter-ზე. ის საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე შეხვდა.

2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის €3 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო. დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე ევროკავშირის დახმარების შეჩერების შესაძლებლობის შესახებ ევროპარლამენტარები წარსულში საუბრობდნენ. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები