ავღანეთი

ქაბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140-ზე მეტი დაშავებულია 

ფოტო: The Wall Street Journal

BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა, დაშავებულია 140-ზე მეტი ადამიანი. 

პენტაგონის ინფორმაციით, დაჭრილთა შორის არიან ამერიკის მოქალაქეები. უწყება ოთხი ამერიკელი სამხედროს გარდაცვალებასაც ადასტურებს. 

დაშავებულია ათეულობით თალიბი და ასეულობით ავღანელი, რომლებიც აეროპორტის საშუალებით ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. 

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტთან ორი აფეთქება მოხდა. მედიის ინფორმაციით, აფეთქებებიდან, ერთ-ერთი მაინც, თვითმკვლელი ტერორისტის ნახელავია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაიხსნება ყანდაარის აეროპორტიც, რომელიც ევაკუაციის მისიისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული.

აფეთქება მოჰყვა რამდენიმე ქვეყნის განცხადებას, რომ მათ ევაკუაციის პროცესი დაასრულეს.

გასულ დღეს, აშშ-ს საელჩომ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ქაბულის აეროპორტის ტერიტორიას გაცლოდნენ და არ გადაადგილებულიყვნენ მისი მიმართულებით. დაზვერვის ინფორმაციით, არსებობდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) თავდასხმის საფრთხე.

საელჩოს გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში არ იყო ნახსენები თუ რა საფრთხე არსებობდა აშშ-ს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეწერა: "ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება გარემოს, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის დროს". 

გაფრთხილება მოჰყვა პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლების კომენტარებს ქაბულის აეროპორტში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით.


 

კომენტარები