ავღანეთი

საგარეო: ავღანეთში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქე უნგრული ბორტით გამოემგზავრა

ქაბულის აეროპორტი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქე სამშობლოში უნგრული ბორტით გამოემგზავრა. უწყების ცნობით, გრძელდება მუშაობა ავღანეთში დარჩენილი საქართველოს სხვა მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე. 

"ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ვითარების ხშირი და არაპროგნოზირებადი ცვლილების გათვალისწინებით, უწყება მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა მათი ევაკუაციის პირველივე შესაძლებლობა იქნას გამოყენებული. მათ შორის გრძელდება აქტიური მუშაობა, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით, საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაზე, თუმცა როგორც ცნობილია, კოალიციის გადაწყვეტილებით ქაბულის აეროპორტში სამხედრო ხომალდების გარდა სხვა ტიპის საჰაერო ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა და მას შემდეგ, რაც დაშვებული იქნება შესაბამისი ნებართვა, მოხდება ბორტის გამგზავრება". – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მათ მუდმივი კავშირი აქვთ ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისინი უსაფრთხო ადგილას არიან და თავს დაცულად გრძნობენ. 

"ქართული მხარე მადლობას უხდის უნგრეთს საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უნგრელ კოლეგასთან". – ნათქვამია განცხადებაში. 

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან გამოყვანას სულ 22 ქართველი ითხოვდა.

აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები