ავღანეთი

ბაიდენი: ავღანეთში ჩვენი მიზანი იყო ტერორიზმთან ბრძოლა და არა სახელმწიფოს აშენება

"პირველივე დღიდან დღემდე ამერიკის მთავარი ინტერესი ავღანეთში ტერორიზმის აღმოფხვრა იყო და არა ახალი სახელმწიფოს აშენება ან ხელისუფლების შეცვლა". – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. 

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს, ბაიდენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება სწორად მიაჩნია. 

"ჩვენ 20 წლიან ომში ერთი ტრილიონი ამერიკული დოლარი დავხარჯეთ. დიდი რესურსი ჩავდეთ ავღანეთში და რა მოხდა? მას შემდეგ რაც ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყანა დატოვეს, ავღანეთის სამთავრობო ჯარი სრულად ჩამოიშალა, ხელისუფლებამ ძალაუფლება დათმო. ამერიკელი სამხედროები ვერ და არ ჩაერევიან ამ პროცესებში. კიდევ რამდენი წელი უნდა დავრჩენილიყავით ავღანეთში? რამდენი ამერიკული სიცოცხლე უნდა დაგვეკარგა? წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გავაგრძელოთ, ეს არ შეიძლება". – ამბობს ბაიდენი.

მისივე აზრით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის ხელისუფლებას დიდი დახმარება გაუწია ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და სამხედროების გადამზადებაში, თუმცა, ამერიკას არასდროს უთქვამს, რომ ის მუდმივად დარჩებოდა ავღანეთში მათ დასაცავად.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები