ირაკლი აბსანძე

მედიაკოალიცია: აბსანძის გათავისუფლება, შესაძლოა, მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს

ირაკლი აბსანძე
საზოგადოებრივი მაწუყებელი

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის მიერ ირაკლი აბსანძის გათავისუფლება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური საფუძველი ჟურნალისტის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლების და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებებია.

"ბოლო პერიოდში ირაკლი აბსანძე აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და კრიტიკულად აფასებდა მათ შორის 5 და 6 ივლისს მედიაზე მასშტაბური ძალადობას და ხელისუფლების არაეფექტურ რეაგირებას. ირაკლი აბსანძე აკრიტიკებდა თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასულ სადავო ჟურნალისტურ გამოძიებას დავით გარეჯთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში მან განაცხადა, რომ აღნიშნულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ "ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას".

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ აქცია დააანონსეს, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მიმართეს და წამყვანის არხიდან გათავისუფლება მოითხოვეს. იგივე მოთხოვნა გაჟღერდა ალტ ინფოს მიერ 2021 წლის 12 ივლისსაც. ამ დღეს ჟურნალისტი მმართველი პარტიის ოფისთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. პოლიციასთან დაპირისპირებისას ის დროებით დააკავეს, რა დროსაც პოლიციამ ხელი მოსტეხა". – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი აბსანძე არაერთგზის იყო საჯარო სივრცეში ძალადობრივი ჯგუფების შეურაცხმყოფელი თავდასხმის სამიზნე, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს არ გადაუდგამს ეფექტიანი ნაბიჯები მის დასაცავად.

"ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ქვეყანაში კრიტიკულად გაუარესებული მედიაგარემოს და წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. უნდობლობას იწვევს ასევე მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნული გადაწყვეტილება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდება". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
  • მედიაკლუბი
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მედიის უფლებები
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • სატელევიზიო ქსელი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო – TI
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია – GRMA
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ღია საზოგადოების ფონდი – OSGF

10 აგვისტოს ირაკლი აბსანძემ Facebook-ზე დაწერა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე, 12 ივლისს, ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე დააკავეს. ჟურნალისტს დაკავებისას პოლიციამ ხელი მოსტეხა. 

მანამდე, 11 ივლისს, აბსანძე 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების შესახებ და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგს გამოეხმაურა – "შსს – ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მოვ**ან. თინათინ ბერძენიშვილი, ვიცი, რომ შინაგანაწესს ვარღვევ და მომხსენი ეთერიდან, თუ ტ*კი გაქვს". – ამბობდა ირაკლი აბსანძე.

კომენტარები