ჟურნალისტებზე ძალადობა

აბსანძე: ხელი მომტეხეს, ხელწერილი არ დამიწერია, ალბათ, თავად მოაწერეს ხელი

ფორმულა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე, რომელიც გუშინ, 12 ივლისს, ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე დააკავეს, გათავისუფლდა. აბსანძე წერს, რომ პოლიციელებმა ხელი მოტეხეს.

"მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის. კარგად ვარ. ხელი მომტეხეს, უბრალოდ.

თან ვეღარ გავიგე, მერამდენე მაიკა უნდა შევწირო ამ ქვეყანას.

p.s. არანაირი ხელწერილი არ დამიწერია. 2 საათი ახლობელთან ზარს ვითხოვდი და შენ ტელეფონს ვერ ვპოულობთო. მერე ტელეფონიც იპოვეს და, ალბათ იმ რაღაც ფურცელს თავად მოაწერეს ხელი". – წერს ჟურნალისტი. 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისისკენ მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგის შემდეგ დაიძრნენ. ადგილზე მათ პოლიციის კორდონი დახვდათ, სამართალდამცველები მმართველი პარტიის ოფისს იცავდნენ.

მოგვიანებით, ქართული ოცნების ოფისთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველების და მმართველი პარტიის შენობის მისამართით კვერცხებსა და საღებავებს ისროდნენ. პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 12 აქტივისტი დააკავა, მათ შორის ერთი - ოპერატორი. 

კომენტარები