შარლ მიშელის შეთანხმება

ბოკერია: ოპოზიციის კოორდინაციით ქართულ ოცნებას არჩევნებზე მშვიდობიანი ომი გამოვუცხადოთ

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, საჭიროა, რომ ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს და დატოვოს. ბოკერია ფორმულას ეთერში ამბობს, რომ მოქალაქეების და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება იქნება იმის თქმა, რომ "ვითარება განკურნებადია".  

მისივე თქმით, პარლამენტის დატოვების შემდეგ, არჩევნების ბოიკოტირების განხილვაც ლეგიტიმურია, თუმცა ევროპული საქართველო ოპოზიციის კონსოლიდაციით ქართული ოცნების არჩევნებში დამარცხების გზას ემხრობა. 

"ახლა ყველა შემთხვევაში, მკაფიო ვითარების შესაქმნელად საჭიროა ერთპარტიულად ამ პარლამენტის დატოვება. ყველა შემთხვევაში. ამის შემდეგ, მე ვაღიარებ რომ ლეგიტიმურია მოსაზრება განსახილველად თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის თაობაზე, ეს არ არის არალეგიტიმური, როცა რეჟიმი ომს უცხადებს საკუთარი ქვეყნის მომავალს და ნებისმიერ ჩარჩოს, დემოკრატიულს და ყველა ვალდებულებას, რომელიც აიღეს თვითონ. მაგრამ მე პირადად და ჩვენი გუნდი, ამ მომენტისთვის, ვიხრებით, რომ სწორი მოქმედებაა ამ პარლამენტის ბოიკოტირება და იმ პანიკის ფონზე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის რიგებში შეიმჩნევა და იმ უტიფრობის ფონზე, რითაც უნდათ ძალის დემონსტრირება, რომ გადაწონონ და სუსტებად მიგვიჩნევენ სპექტრს და მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობაზე არასწორი დასკვნა გამოიტანეს, რომ გასდით ასეთი საქციელი, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ომი გამოვუცხადოთ ოქტომბრის არჩევნებზე, კონსოლიდაციით და კოორდინაციით დემოკრატიული ოპოზიციებს შორის და მე გარწმუნებთ, რომ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, დიდ ქალაქებში და საკვანძო რაიონებში გავიმარჯვებთ, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას 43%-ზე ნაკლები აქვს". – ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები იქნება მიღწეული. 

საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო. 

შეთანხმების ანულირების შემდეგ გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ის პარლამენტს დატოვებს, ვინაიდან "არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულებები", ბოიკოტის დასრულებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლას კი სწორედ ეს შეთანხმება ითვალისწინებდა. 

კომენტარები