შარლ მიშელის შეთანხმება

მოქალაქეები: პარლამენტში იანვრის შეთანხმებით ვართ, ოცნება და ენმ უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ

"მიუხედავად იმისა, რომ პარტია მოქალაქეები პარლამენტში შემოვედით 29 იანვრის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის, დიდ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია ქართული ოცნების მხრიდან ამდენი ხნის წვალების შემდეგ მიღწეული შეთანხმების ანულირება". – ასე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილი ქართული ოცნების ლიდერების 28 ივლისის ბრიფინგს და აღნიშნა, რომ ეს მისი პარტიის ოფიციალური პოზიციაა.

"ეს არის უპასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების და ყველა იმ პარტიის წინაშე, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და მონაწილეობენ ამ დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულებაში. ასევე დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა, სიდიდით მეორე პოლიტიკურმა პარტიამ ნაციონალურმა მოძრაობამ რომელმაც უარი განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, რითაც ხელი შეუწყო მმართველ პარტიას ცალმხრივად უარი ეთქვა ნაკისრ ვალდებულებებზე. ფაქტია, რომ როგორც ქართული ოცნება, ისე ნაციონალური მოძრაობა არ ეძებს გზებს პოლარიზების შესამცირებლად, რის გამოც ჩვენზე, სხვა პოლიტიკურ პარტიებზე პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მეტია.

თუ თვალს გადავავლებთ ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება უკვე ნებისმიერი შეთანხმების ფორმატის შენარჩუნებაზე უფრო მნიშვნელოვანია. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ორი პარტიის გარდა, სხვების მონაწილეობა, რადგან როგორმე საბოლოოდ უნდა გავარღვიოთ ეს პოლარიზება, რაც სინამდვილეში ქვეყნის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს". – ნათქვამია მოქალაქეების განცხადებაში.

28 ივლისის საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.

ოცნების ბრიფინგის შემდეგ გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, რომ პარლამენტიდან გადის. ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, გადაწყვეტილებას ოპოზიციასთან ერთად მიიღებენ და არჩევნების ბოიკოტს არ გამორიცხავენ. დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ბაქრაძის თქმით კი პარლამენტიდან გასვლისგან დროებით თავს იკავებს. 

19 აპრილს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ამ დრომდე ხელს არ აწერს ენმ, თუმცა მას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით ხელი მოაწერეს პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ. დოკუმენტს ხელს ასევე არ აწერენ ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია

კომენტარები