დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის შეტაკებები გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის სროლა გრძელდება. დაპირისპირება სომხეთის გეღარქუნიქისა და აზერბაიჯანის ქალბაჯარის რაიონების საზღვარზე მიმდინარეობს. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ქელბაჯარის საზღვართან პროვოკაციებს აგრძელებენ. სამინისტროს თქმით, სომხეთის გეღარქუნიქში განლაგებულმა ძალებმა ინტენსიური სროლა 28 ივლისის, დაახლოებით, 00:45-ზე განაახლეს. დაიჭრა ორი აზერბაიჯანელი სამხედრო. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო მომხდარზე პასუხისმგებლობას სომხეთის შეიარაღებულ ძალებს აკისრებს. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 28 ივლისის 03:40-ზე კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მოაწყვეს პროვოკაციები. სამინისტროს ცნობით, შეტაკებები გრძელდებოდა დილის 6 საათისთვისაც. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო მთელ პასუხისმგებლობას აზერბაიჯანს აკისრებს. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაკარგი არის ორივე მხარეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 08:30-სთვის შეტაკებები გრძელდებოდა და ამ დროისთვის დაღუპული იყო 3 სომეხი სამხედრო, 2 კი დაჭრილი. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაახლოებით 10 საათისთვის შეტაკებები გრძელდებოდა. სამინისტროს თქმით, ინფორმაცია, რომ ისინი ცეცხლს უხსნიდნენ სამოქალაქო ობიექტებს, არის ტყუილი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 27 ივლისს შეტევები 16:00-ზე განაახლეს. მათი თქმით, ისინი აზერბაიჯანის პოზიციებს სნაიპერული შაშხანებითა და ტყვიამფრქვევებით ესროდნენ.


აზერბაიჯანის მხარე სომხეთს ქალბაჯარის რაიონში პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, 26 ივლისს, 03:00-ზე სომხეთის სამხედრო ძალებმა, გეღარქუნიქის რაიონიდან, მათი პოზიციების მიმართულებით მსუბუქი იარაღებითა და ყუმბარმტყორცნებით ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის ძალები საპასუხო ქმედებებს ახორციელებენ.

"ამ მიმართულებით განლაგებული აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები იღებენ ადეკვატურ საპასუხო ზომებს". – წერია განცხადებაში.

სომხური მედიის ცნობით,  26 ივლისის 03:30-ზე, გეღარქუნიქის რეგიონში აზერბაიჯანის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის პოზიციებს. ასევე 11:30-ზე, არარატის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და აქაც, მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. როგორც სომხური მედია იუწყება, სომხეთის არმიამ საპასუხო ქმედებებს მიმართა.

ქელბაჯარი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე იმყოფება. რეგიონზე კონტროლი აზერბაიჯანმა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ აღიდგინა.


2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა. აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა ყარაბაღის დიდ ტერიტორიებზე. სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით შედგა. სიტუაცია ორ ქვეყანას შორის კვლავ დაძაბულია.

12 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ სომხეთის საზღვარი გადმოკვეთა და სიუნიქის რეგიონში 3.5 კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. სევის ტბის მიდამოებში ერთმანეთისგან მცირე მანძილის დაშორებით იმყოფებიან აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები. ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა,  ეს პრობლემა მოლაპარაკებების მეშვეობით გადაწყვეტილიყო, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი იყო.

13 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა ამ ვითარებასთან დაკავშირებით დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას. ამ ორგანიზაციაში პოსტსაბჭოთა სივრცის რამდენიმე ქვეყანა შედის და მისი მთავარი ოფისი მოსკოვშია. 

14 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის სხვა რეგიონშიც გადაკვეთეს საზღვრები და გეღარქუნიქის თავისუფალ ზონაში რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე შევიდნენ.

სომხეთ-აზერბაიჯანს საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაში დახმარება რუსულმა მხარემ შესთავაზა. "მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციამ [მათ] შესთავაზა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამუშაოების დაწყებასა და ჩატარებაში დახმარება". – თქვა რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

აღსანიშნავია, რომ 4 მაისს სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე ბაზის ჯარმა ორი სამხედრო ობიექტი დააფუძნა. სიუნიქი ერთმანეთისგან ყოფს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის რეგიონს.

ასევე, აპრილში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს ზანგეზურის კორიდორის ძალით გაყვანით დაემუქრა. მისი შექმნის შემთხვევაში ის სიუნიქის რეგიონში გაივლის და ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან დააკავშირებს.

ივნისში სომხეთმა, საქართველოს შუამავლობით, აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები 15 დატყვევებულ სომეხ სამხედროში გაუცვალა. სამხედროები სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდნენ. 

სომხეთის უკმაყოფილება მოჰყვა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებულ შუშის დეკლარაციას.

კომენტარები