აზერბაიჯანის მხარე სომხეთს ქალბაჯარის რაიონში პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, 26 ივლისს, 03:00-ზე სომხეთის სამხედრო ძალებმა, გეღარქუნიქის რაიონიდან, მათი პოზიციების მიმართულებით მსუბუქი იარაღებითა და ყუმბარმტყორცნებით ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის ძალები საპასუხო ქმედებებს ახორციელებენ.
"ამ მიმართულებით განლაგებული აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები იღებენ ადეკვატურ საპასუხო ზომებს". – წერია განცხადებაში.
სომხური მედიის ცნობით, 26 ივლისის 03:30-ზე, გეღარქუნიქის რეგიონში აზერბაიჯანის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის პოზიციებს. ასევე 11:30-ზე, არარატის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და აქაც, მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. როგორც სომხური მედია იუწყება, სომხეთის არმიამ საპასუხო ქმედებებს მიმართა.
ქელბაჯარი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე იმყოფება. რეგიონზე კონტროლი აზერბაიჯანმა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ აღიდგინა.